Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანში ახალრეაბილიტირებული გზის დაზიანების მიზეზს მერიის აუდიტი შეისწავლის


თბილისის მერმა კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა. მანვე მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, გლდანის მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყოს. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია.

„მაქვს ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით გადავსება არ მოხდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია გლდანში სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, საჭიროა მიკრორაიონებში შემავალი ქუჩების პროექტირება და სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და თუ არსებობს, მოძველებულია და გამტარუნარიანობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების განხორციელება ამ ქუჩებზე ეტაპობრივად. ეზოებშიც სრული კატასტროფა გვაქვს. შესაბამისად, გამგეობასაც მინდა დავავალო, რომ ყველა პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სანიაღვრე სისტემების მოწყობა, მოწესრიგება, რომ ეზოები არ დაიტბოროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტი რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვა ნალექმა დააზიანა. მისი სიტყვებით, სამუშაოები შეთანხმებული პროეტის მიხედვით მინდინარეობდა, თუმცა პრობლემა ნალექმა გამოიწვია, რის გამოც გადაივსო სანიაღვრე სისტემა.

„მოხდა უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება, დატბორვა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. ამ დაზიანებისთანავე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები, რათა უახლოეს საათებში მოხდეს დაზიანებული მონაკვეთის სრულად აღდგენა და მოძრაობის გახსნა. ასევე მინდა დავამატო, რომ მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, რომელზეც ვაწარმოებთ ინტენსიურ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია და მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე ნახეთ: გზები, რომლებიც შენდება და ვერ შენდება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG