Accessibility links

site logo site logo

სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს


„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ ხელისუფლების ინიციატივა მცდელობაა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოაჩვენონ, როგორ ზღუდავს ხელისუფლება ამომრჩეველზე რაიმე ტიპის გავლენას. მისი თქმით, ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო და „როგორც ჩანს, უნდა გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა საერთაშორისო დამკვირვებლებთან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„აი, ამ ინიციატივაზე ითქმევა ზუსტად, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო და, როგორც ჩანს, უნდა გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომ აი, თურმე, კანონში შეაქვთ ცვლილება. მთავარი პრობლემა არის, თუ ამ კანონის შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ. აქამდე არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ქართული ოცნების მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო მომხდარი რაიმე ფაქტი დასჯილიყო. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე საჯარო მოხელე ან ქართული ოცნების თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი სიტყვებით, პრობლემა მომავალშიც ამ გადაწყვეტილების აღსრულება იქნება.

„ქართული ოცნების” ინიციატივით ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება, ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსში მითითებული იქნება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და შესაბამისი ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო. დღეს ინიცირებული ცვლილებების განხილვა სექტემბერში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG