Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს


სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვის შემდეგ.
სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვის შემდეგ.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. ის მოწმედ იყო გამოძახებული ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიქმნა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო. დაკითხვა 40 წუთს გრძელდებოდა

ალექსიევიჩს თან ახლდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საგამოძიებო კომიტეტის შენობის წინ მას აპლოდისმენტებით შეხვდა ათობით ადამიანი.

„სრულიად მშვიდად მივდივარ [დაკითხვაზე], თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ, ვგრძნობთ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, სრულიად კანონიერია,“ განაცხადა ალექსიევიჩმა დაკითხვაზე შესვლამდე. „ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ გაგვეერთიანებინა საზოგადოება, არავითარი გადატრიალებისკენ [არ მოგვიწოდებია].“

მისი თქმით, არ უნდა დაუშვან სისხლის დაღვრა. „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სულით, გავიმარჯვოთ საკუთარი რწმენის ძალით,“ დასძინა მან.

ალექსიევიჩი დაკითხვაზე გამოძახებული იყო, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრი. საბჭო პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტებმა შექმნეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

მანამდე დაკითხვაზე იმყოფებოდა საბჭოს კიდევ ორი წევრი - კულტურის ყოფილი მინისტრი პავალ ლიატუშკა და საპრეზიდენტო კანდიდატ ვიქტარ ბაბარიკას ადვოკატი მაქსიმ ზნაკი.

საბჭოს კიდევ ორი წევრი - ოლგა კოვალკოვა და სიარჰეი დილევსკი - ორშაბათს დააკავეს და ათი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG