Accessibility links

site logo site logo

“რაც უფრო ღარიბი გეყოლება მოსახლეობა, მეტ დაპირებას გასცემ, 200-ლარიან დახმარებებს გასცემ და შეგიძლია ამომრჩევლების ხმები მიიღო“


ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი

“დღეს პოლიტიკაში მიდიან იმიტომ, რომ ბიზნესი აკეთონ და არა პოლიტიკა. ეს თავშესაფარი უნდა მოისპოს. პოლიტიკაში წასვლის მოტივაცია რომ არის ასე ვთქვათ უზრუნველი ცხოვრების მოწყობა, ესეც გამომდინარეობს ჩვენი დაბალი ეკონომიკური განვითარებიდან", - ამბობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია "დილის საუბრებში".

არჩევნების წელი ეკონომიკისთვის არ ითვლება სახარბიელოდ, განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა არ არის განვითარებული, სადაც მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სიღარიბეა, სადაც არჩევნების წინ შემოწირულებების სახით მილიონობით ლარის მობილიზაცია ხდება, სადაც ყველა მოთამაშე ელოდება არჩევნების შედეგებსა და პოლიტიკური ვითარების გარკვევას. ასეთ პირობებში ეკონომიკის რეალურ საჭიროებებზე ზრუნვისთვის ყველაზე ნაკლები სივრცე რჩება. თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ არჩევნების პერიოდი შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკოსმა აუცილებელი ცვლილებებისა თუ რეფორმების დაანონსებისთვის. სხვა საკითხია, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯები და ამომრჩევლის გულის მოსაგებად საჭირო გზავნილები ერთმანეთს შეიძლება ხშირად არ ემთხვეოდეს.

ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ დღეს ვეღარავის გულს მოიგებ პრობლემებისთვის სახელის დარქმევით, არამედ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა ამ პრობლემების დაძლევის რეალური გეგმები წარმოადგინონ:

„ნებისმიერი ადამიანი რომ გავაჩეროთ ქუჩაში, გვიპასუხებს რა არის მთავარი პრობლემები ქვეყანაში. ესენია: სიღარიბე, დაბალი შემოსავლები, უმუშევრობა, მაღალი ფასები. ამაზე ყველანი ვთანხმდებით და პრობლემებზე აქცენტის გაკეთება პარტიების მხრიდან აღარ არის მომგებიანი.

უწინ, სანამ “სადღეგრძელოების” პერიოდში ვიყავით, ვინც უფრო კარგად წარმოაჩენდა პრობლემებს და იტყოდა, აი, როგორ გვიჭირს ქვეყანას, როგორი ცუდი მდგომარეობაა და გულზე მჯიღის ცემით წარმოთქვამდა, ის იძენდა პოპულარობას და კეთილგანწყობას მოსახლეობის მხრიდან.

ახლა ეს ყველამ გავიგეთ. ვიცით რა პრობლემებია. ახლა უნდა თქვან ეს პრობლემები როგორ მოვაგვაროთ. ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც დადებენ, რეალისტურად რომ შევაფასოთ, აუცილებლად უნდა დავუსვათ კითხვა - როგორ? როგორ შევასრულებთ ამა თუ იმ დაპირებას.

თუ განვითარება გვინდა, ეკონომიკური გეგმები აქტუალურობას იძენს.

ვერც ერთი სხვა დაპირება პარტიების მხრიდან ვერ შესრულდება, თუ არ იქნება ეკონომიკური განვითარება. მეორე საკითხია, რამდენად რეალისტური იქნება ეს გეგმები.

ერთი უნდა აღვნიშნოთ: ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. წლების წინ ჩვენ გვესმოდა მხოლოდ „სადღეგრძელოები“ და არა ეკონომიკური გეგმები. „სადღეგრძელოები“ დღესაც არის და მომავალშიც იქნება, თუმცა ეკონომიკური, რეალისტური ნაწილი უფრო და უფრო შემოდის. ადრე თუ საერთოდ ეკონომიკურ გეგმას არც კი წერდნენ პარტიები, დღეს მეტნაკლებად წარმოგვიდგენენ. რამდენად რეალისტურია, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ გეგმების წარმოდგენის მხრივ პროგრესი ნამდვილად შეინიშნება“.

ირაკლი მაკალათია ეკონომიკის განვითარების უმთავრეს პირობებს ასახელებს და მათი შესრულების გარეშე პროგრესს შეუძლებლად თვლის:

„ეკონომიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ როგორ? - რეალურად გვაქვს ორი დიდი სექტორი - სახელმწიფო და კერძო. ვიცით, რომ სახელმწიფო სექტორი ვერ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, ეკონომიკაში ვერ მონაწილეობს, მხოლოდ და მხოლოდ მარეგულირებელი ფუნქცია აკისრია და რეალურად ის არის შექმნილი ეკონომიკური დოვლათის მომხმარებელი და გამანაწილებელი ხელფასების თუ სხვა დახმარებების სახით. თუ სახელმწიფო ცდილობს სადმე ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, იქ ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს წაგებაზე, არის მილიონობით ლარის დავალიანება, რომელსაც მერე ვიხდით გადასახადის გადამხდელები.

ყველა ნაბიჯი მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის განვითარებისკენ.

პირველი, რაც აუცილებელია: ეკონომიკური აქტივები უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ საქმიანობააში. თუ ეკონომიკური რესურსები არ იქნა კერძო სექტორში ჩართული, ლაპარაკიც ზედმეტია ეკონომიკურ განვითარებაზე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ძირითადი აქტივების 70-80% სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ღირებულება ნოლის ტოლია, არ არის ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში და მისგან ეკონომიკური სარგებელი არ გვაქვს.

სახელმწიფო საკუთრება უნდა გადავიდეს კერძო სექტორში.

ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, არ არის აღმოჩენა. რეალურად, დასავლეთის ქვეყნებს რომ შევნატრით და გვინდა ჩვენც განვითარებული ეკონომიკა გვქონდეს, მათ ზუსტად ასეთი გზა აირჩიეს - კერძო სექტორი ქმნის დოვლათს, ასაქმებს ადამიანებს.

მას შემდეგ, რაც ეს აქტივები გადავა კერძო სექტორში, წამოიჭრება რეგულირების საკითხი. ამ მხრივაც დერეგულირება უნდა მოხდეს და სახელმწიფო არ ჩაერიოს ეკონომიკაში, ზედმეტი რეგულაციებით არ დაამძიმოს, თორემ რეგულაციები თუ ისეთი მიაყოლა, რომ ამ აქტივებს ვერ გამოიყენებს ადამიანი, რეალური შედეგი არ იქნება.

ამის შემდეგ ბიზნესს სჭირდება დაბალი საგადასახადო წნეხი. ეს მიღწევადია, როცა ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდება და კერძო სექტორი მეტს ქმნის, მეტი შედის ბიუჯეტში.

ხშირად მოგვყავს „ნამცხვრის ეფექტი“ - როცა პატარა „ნამცხვარი“ გვაქვს და გადასახადებით დიდ ნაწილს ვჭრით. როცა ნამცხვარს გაზრდი, მისგან ჩამონაჭერსაც მეტი ეფექტი ექნება“.

„დილის საუბრების“ სტუმარი აღნიშნავს იმასაც, რომ განვითარებული ეკონომიკის პირობებში ამომრჩევლის მისამხრობად გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე ეს მცირე დახმარებებია:

“რაც უფრო ღარიბი გეყოლება მოსახლეობა, მეტ დაპირებას გასცემ, 200-ლარიან დახმარებებს გასცემ და შეგიძლია ამომრჩევლების ხმები მიიღო. რაც უფრო ეკონომიკურად განვითარებული და ფინანსურად ძლიერია მოსახლეობა, მასზე ასეთი დაპირებები არ მოქმედებს და მას სხვა უფრო ძირეული ცვლილებები აინტერესებს“.

საუბრის დასასრულს ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ წინარე ეკონომიკური უკუსვლის პერიოდის ფონზე, მომავალ წელიწადს იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა:

„2021 წელს გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა. ოღონდ, ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის საგანი, რომ ჩვენ თითქოს ეკონომიკურად განვვითარდით. იმდენად შემცირდა ეკონომიკა და იმდენად დიდი კლება გვაქვს ახლა, რომ მომდევნო წელს, თუ ეკონომიკური პროცესები გაგრძელდა, მივიღებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ მოსალოდნელ ეტაპს წინ უძღოდა 5%-იანი ზრდა და შემდეგ ორნიშნა კლება. მსგავსი ზრდები გვექნება, თუმცა ის იქნება მხოლოდ ციფრებში გამოსახული და მოსახლეობის ცხოვრებაზე არ აისახება“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG