Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი და ბულგარელი ბიზნესმენი შესაძლოა, ერთი ნივთიერებით მოწამლეს


ბერლინის კლინიკა "შარიტე"
ბერლინის კლინიკა "შარიტე"

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა ჰგავს ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის მოწამვლას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი Bellingcat-ი და გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი, რომლებიც ერთობლივ გამოძიებას ატარებენ.

Der Spiegel-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბერლინის კლინიკა „შარიტემ“, სადაც ნავალნი იმყოფება, ბულგარეთს თხოვა მასალები ბიზნესმენ ემელიან გებრევის მოწამვლის შესახებ. გამოცემის თანახმად, ის ფაქტი, რომ გერმანელი ექიმები ბულგარელ კოლეგებს დაუკავშირდნენ, ცხადყოფს, რომ „შარიტე“ შესაძლებლად მიიჩნევს ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე, ან ძალიან მსგავსი ნივთიერების გამოყენებას.

ემელიან გებრევმა, რომელიც იარაღით ვაჭრობს, 2015 წლის აპრილში, სოფიაში, საზეიმო მიღების დროს გონი დაკარგა. დაახლოებით იმავე დროს ცუდად გახდნენ მისი ვაჟი და გებრევის კომპანიის თანამშრომელი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მოწამვლის ნიშნებით.

ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი
ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი

გებრევის ორგანიზმში აღმოაჩინეს ფოსფორორგანული ნივთიერებების კვალი, რომელიც დამახასიათებელია რუსული წარმოების მომწამლავი „ნოვიჩოკისთვის“. 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში სწორედ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.

2020 წლის დასაწყისში ბულგარეთის პროკურატურამ ემელიან გებრევზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა რუსეთის სამ მოქალაქეს. თავად ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინტერესს წარმოადგენდა მისი კომპანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის გამო.

კომაში მყოფი ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს, რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

24 აგვისტოს, რამდენიმე ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე, კლინიკამ განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია. კერძოდ, მის ორგანიზმში აღმოჩენილია ნივთიერება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფიდან. კონკრეტული ნივთიერების დასადგენად კვლევა გრძელდება.

გერმანული კლინიკის ამ განცხადების შემდეგ, ჯერ კანცლერმა ანგელა მერკელმა, შემდეგ კი ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ.

25 აგვისტოს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეაშფოთა გერმანელი ექსპერტების წინასწარმა დასკვნამ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ. მაიკ პომპეოს თქმით, თუ ეს დადასტურდება, აშშ მხარს დაუჭერს ყოვლისმომცველი გამოძიებისკენ ევროკავშირის მოწოდებას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ ძალისხმევას.

ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახი და თანამოაზრეები პირველივე დღიდან აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოწამლა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ცარიელი ხმაურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG