Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ლუკაშენკას თხოვნით რუსეთმა შექმნა რეზერვი ბელარუსის დასახმარებლად


27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი ვრცელი კომენტარი გააკეთა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე და გამოთქვა იმედი, რომ ვითარება მეზობელ ქვეყანაში მშვიდობიანად მოგვარდება.

ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის მიდგომას პუტინმა უწოდა უფრო „თავშეკავებული“ და „ნეიტრალური“, ვიდრე ევროპელებისა და ამერიკელებისა.

პუტინმა აღიარა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას თხოვნის საფუძველზე რუსეთში სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისგან შეიქმნა რეზერვი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, დაეხმარება ბელარუსს.

„მაგრამ ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ის [რეზერვი] არ იქნება გამოყენებული მანამდე, ვიდრე სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. ვიდრე პოლიტიკური ლოზუნგებით შენიღბული ექსტრემისტული ელემენტები გადავლენ გარკვეულ საზღავს, მიყოფენ ხელს ძარცვას და შეეცდებიან, ხელთ იგდონ ადმინისტრაციული შენობები“, - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია „როსია 24“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების დიდი უმრავლესობით.

ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მრავალრიცხოვანი გაყალბების დამადასტურებელ საბუთებს აქვეყნებს.

არჩევნების დღის შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტთა წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით მათგანი ნაცემი და ნაწამებია „ომონისა“ და მილიციის სხვა ქვედანაყოფების მიერ.

XS
SM
MD
LG