Accessibility links

site logo site logo

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატი პატიმრობაში რჩება


ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ბრალდებული ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეხვდა. საბოლოოდ ის სხდომათა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს.

ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ გრემელაშვილის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.

სახელმწიფო ბრალდება გრემელაშვილს ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ის 8 ივლისს დააკავეს. მიხეილ გრემელაშვილი ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია გრძელდება“. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიხეილ გრემელაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატია თელავის საკრებულოში 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG