Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ყოველდღიური პრობლემებია, უბრალოდ, როცა ტრაგედია ხდება, საზოგადოება მხოლოდ მაშინ იგებს მათ შესახებ"


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებენ გააქტიურდეს და ეფექტიანად იზრუნოს გალში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შემსუბუქებაზე.

მიმართვის ხელისმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის, განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობასაც.

27 აგვისტოს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ჩართვისას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდ-პანდემიამდეც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მდგომარეობა „უკიდურესად მძიმე“ იყო, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა პირველ რიგში ისევ ეს ადამიანები დააზარალა:

"აუცილებელია სწრაფი რეაგირება!"
please wait

No media source currently available

0:00 0:51:36 0:00

„მათთვის შეუძლებელი გახდა იმ მინიმალური სერვისების მიღებაც კი, რომელთა მიღებაც მანამდე ასე თუ ისე ხერხდებოდა. თუნდაც, დავიწყოთ პენსიითა და დევნილთა შემწეობით. ენგურის ხიდთან მიდიოდა „ლიბერთი“ ბანკის სპეციალური მანქანა, ადამიანებს კუთვნილი პენსიისა და შემწეობის მიღების შესაძლებლობა ეძლეოდათ.

გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ფაქტობრივად, ათიათასობით ადამიანი ვეღარ იღებს ამ შემოსავალს, რომელიც ძალიან ბევრი ოჯახისთვის იყო ერთადერთი საარსებო წყარო.

აფხაზური მხარის მიერ გამშვები პუნქტი ცალმხრივად რამდენჯერმე გაიხსნა და თუნდაც ამ პერიოდისთვის რომ მოფიქრებულიყო მექანიზმი ადამიანებისთვის პენსიის მისაწოდებლად, იქნებოდა ძალიან ელემენტარული. დღემდე არ არის ეს, სამწუხაროდ, მოგვარებული.

ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში გავავრცელეთ განცხადება ამაზე, რომ ათასობით ადამიანი ელოდებოდა პენსიას და ვინაიდან ვერ ხდებოდა განახლება მათი ბარათების პინკოდის (ყოველწლიურად ახლდება) და ჩაკეტილი იყო გამშვები პუნქტები, მათ ვერ მიიღეს პენსია და შემწეობა თვეების განმავლობაში, რადგან დაებლოკათ ბარათები.

საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევდათ ენგურის გადმოცურვაც. ჯერ კიდევ მაშინ აღვნიშნავდით, რომ უკვე იყო კრიზისის ნიშნები, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა გადმოსვლას.

მაგალითად, 9 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის გადმოცურვის გამო მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანი დააკავეს. ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა, ამაზე რაიმე პროტესტი, რეაგირება არ მომხდარა.

7 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა დაჭრეს ჩვენი თანამემამულე გალიდან, ხოლო მისი ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად გადმოდიოდნენ საზღვარზე, დააკავეს და დააჯარიმეს. თვითონ ეს ადამიანი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, შემდეგ ქუთაისში.

ასეთი ფაქტები ხდება თითქმის ყოველდღიურად. ადამიანები მიდიან ასეთ რისკზე, მითუმეტეს, როცა ასე გაძვირებულია მედიკამენტები, აგრეთვე სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები ზოგადად აფხაზეთში საკუთრივ გალში. გალი წლების განმავლობაში მარაგდებოდა ზუგდიდიდან.

ამ დროის მანძილზე მთავრობამ ვერ შეძლო ეშუამდგომლა „ლიბერთი“ ბანკთან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის გახანგრძლივებულიყო ბარათების პინკოდების მოქმედების ვადა. ან თუნდაც მობილური მანქანა მისულიყო გამყოფ ხაზთან ახლოს, სადაც მოქალაქეები შეძლებდნენ გადმოსვლას. ჩვენ ვლაპარაკობთ რაზე: ათი წუთის განმავლობაში გადმოვიდნენ, მიიღონ პენსია და შემწეობა და დაბრუნდნენ უკან“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, გამშვები პუნქტების ეპიზოდური გახსნის შემთხვევაშიც, ადამიანებს უწევთ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორკვირიანი კარანტინის გავლა, თუმცა, ასევე არ დავიწყებია ამასწინანდელი „გამონაკლისის“ დაშვებაც კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის:

„ადამიანი, როცა იქ ოჯახი ელოდება, არ არის დაინტერესებული, რომ ორი კვირა უაზროდ გაატაროს საკარანტინე ზონაში, რომ მერე მიიღოს პენსია, შეიძინოს მედიკამენტი. მათ იმავე დღეს სურთ დაბრუნება.

ვნახეთ შემთხვევები, როცა სავალდებულოა კარანტინის გავლა, თუმცა გამონაკლისებიც ვნახეთ, სამწუხაროდ.

იყო შემთხვევები, როცა იზოლაციის პირობებში ადამიანები გარდაიცვალნენ სწორედ იმის გამო, რომ ვერ მიიღეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

დაახლოებით ორი კვირის წინ გალში გარდაიცვალა რამდენიმე კვირის ჩვილი იმის გამო, რომ მისი გადმოყვანა ე.წ. საზღვარზე შეფერხდა და ეს იყო ქართული მხრიდანაც, როცა წუთები წყვეტდა ძალიან ბევრს.

თუკი აქამდე მხოლოდ ახალგორის შემთხვევაში გვქონდა ასეთი ინფორმაცია, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწორედ შეზღუდული სერვისების გამო ათამდე ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ გახშირდა უკვე შემთხვევები გალის მიმართულებით”.

უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების ზრდის ფონზე ხელისუფლების პოლიტიკა პასიურია მიუხედავად მის მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა:

„ის, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ვაკანტური იყო თვენახევრის განმავლობაში, ის, რომ გაუქმდა დევნილთა სამინისტრო, მეტყველებს იმაზე, რომ ქართული პოლიტიკა არის საკმაოდ პასიური ამ მიმართულებით და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში, იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი.

აქ ლაპარაკია ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების ზრდის ტენდენციაზე, რასაც ხელს უწყეობს იზოლაციაც და მათთან გასამკლავებლად აუცილებელია გადაიდგას მეტი პროაქტიული ნაბიჯი.

ისიც, რომ ანტიკრიზისული გეგმის მომზადებისას არ იყო გათვალისწინებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებები, როგორც გალში, ასევე ახალგორში, აგრეთვე დევნილთა საჭიროებები, არის ძალიან დამაფიქრებელი ჩემთვის, როგორ გამორჩა ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანი, როცა კრიზისის წინააღმდეგ ღონისძიებებს გეგმავდა.

აუცილებელია სწრაფი რეაგირება!“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ვიდრე იქნება რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი თავისი მოსახლეობის უფლებების დასაცავად:

„ეს ყოველდღიური პრობლემებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების, უბრალოდ, როცა ტრაგედია ხდება, საზოგადოება მხოლოდ მაშინ იგებს მათ შესახებ. სახელმწიფო არის ვალდებული დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება, ვიდრე რამე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუნდაც ნატოსთან მიმართებით“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG