Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის სადაო ბანერი შესაძლოა ბოკერიას და სააკაშვილის პროვოკაცია იყოს


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი აჭარაში მისი პარტიის ბოლბორდებზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ადგილი აქვს შიდა ან გარე პროვოკაციას და წინასაარჩევნო პლაკატის დიზაინი განსხვავებულია იმისგან, რაც პარტიას სურდა დაებეჭდა. ირმა ინაშვილი მომხდარში მიხეილ სააკაშვილს და გიგა ბოკერიას ადანაშაულებს და ამბობს, "პატრიოტთა ალიანსის" სადაო ბანერით მათ "იაფფასიანი პიარი" გაიკეთეს.

"სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ. სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა.

ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს."- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მას შემდეგ, რაც მისი პარტიის ბანერებიდან ერთი პოლიტიკური პარტია "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ და ორი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩამოხსნა.

"პატრიოტთა ალიანსის" ჩამოხსნილ ბანერებზე გამოსახულია საქართველოს რუკა, სადაც წითელი ფერით გამოყოფილია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და აჭარა. ბილბორდზე ასევე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“, ამასთან, საფრთხის წარმომავლობის სადემონსტრაციოდ გაკეთებულია თურქეთის მხრიდან აჭარისკენ მიმართული ისრები.

ირმა ინაშვილის განმარტებით, პარტიის ბანერის იმ დიზაინში, რომელიც მათი დაკვეთით უნდა დაბეჭდილიყო, აჭარა როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი ზონა გამოყოფილი იყო და თურქეთიდან მომავალი ისრებიც ნამდვილად ჰქონდა, თუმცა წითელ ფერად გამოყოფა განზრახული არ ყოფილა.

აჭარაში განთავსებული პარტიის ბანერები პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "პატრიოტთა ალიანსი" აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ "თურქეთიც ოკუპანტია". ირმა ინაშვილმა 29 აგვისტოსაც აღნიშნა, რომ "აჭარაში თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ პროცესზე არ რეაგირებს.

"პატრიოტთა ალიანსის" ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმებს სასამართლოში გადაგზავნის ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, საჩივრით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიმართვას კი "სამართლიანი არჩევნები" აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG