Accessibility links

site logo site logo

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიაში ნავალნის საქმეზე თხოვნა გააგზავნა


გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მიიღო თხოვნა სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის საქმეში, იტყობინება გამოცემა „ველტ ამ ზონტაგი“.

ნავალნი ბერლინის საავადმყოფო „შარიტეში“ იმყოფება. გერმანელი ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციონერი შეიძლება მოწამლეს. რუსეთის ექიმებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალს ვერ მიაგნეს.

რუსეთის უწყებამ თხოვნა გააგზავნა 27 აგვისტოს. ეს ნაბიჯი ეფუძნება ევროპის კონვენციას სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ. რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს, გადაეცეს ინფორმაცია პაციენტის გამოკვლევისა და წინასწარი დიაგნოზის თაობაზე.

ნავალნი ომსკის საავადმყოფოში მოხვდა 20 აგვისტოს. ის მას მერე ხელოვნურ კომაში იმყოფება. ომსკის საავადმყოფოს ექიმების მიმართ იყო კრიტიკა, რომ მათ გარკვეული დროის განმავლობაში არ გასცეს გერმანიის კლინიკაში პაციენტის გადაყვანის ნებართვა.

ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ მოწამვლის დიაგნოზი იყო მთავარი და განმსაზღვრელი პოლიტიკოსის ჰოსპიტალიზაციის დროს, მაგრამ ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ეს არ დაადასტურა.

მურახოვსკიმ გერმანელ კოლეგებს „შარიტეში“ მიმართა თხოვნით, გადასცენ მას ანალიზის მონაცემები, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა მოწამვლის შესახებ. მან გერმანელ მედიკოსებს შესთავაზა პაციენტის ბიომასალის გაცვლა უფრო ზუსტი დიგნოზის დადგენის მიზნით.

26 აგვისტოს ომსკის მედიცინის მუშაკებმა გაავრცელეს ღია წერილი, სადაც აცხადებენ, რომ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ნავალნი ომსკელმა ექიმებმა გადაარჩინეს. წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ ომსკის საავადმყოფოს ექიმებს ემუქრებიან.

გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ და Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მონაცემებით, „შარიტეს“ ექიმებმა ბულგარელ მედიკოსებს სთხოვეს ბიზნესმენ ემელიანე გებრევის მოწამვლის მასალები. გავრცელებული ცნობით, ნავალნი შეიძლება მოეწამლათ ქოლიესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფის ნივთიერებით, რომელშიც შედის ორგანული ფოსფატები. მათ მიეკუთვნება ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების შხამები, მათ შორის, ზარინი და „ნოვიჩოკი“, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა და რომლითაც ბრიტანეთში მოწამლეს რუსეთის ყოფილი მზვერავი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი.

„შპიგელი“ და Bellingcat-ი არ ამხელენ გამოძიების წყაროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG