Accessibility links

კოკოითი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს და უარყოფს, რომ რუსეთმა "სამხრეთ ოსეთში" არ შეუშვა


ფოტო არქივიდან: ედუარდ კოკოითი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მოქმედ „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს მოუწოდა, თანამდებობიდან დღესვე გადადგეს.

ინსტაგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კოკოითი ამბობს, რომ ჩავა „სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ თუ ბიბილოვს ამის ძალიან ეშინია, პირობას აძლევს, რომ არ დაბრუნდება, თუ ადგილობრივი დროით 12:00 საათზე(მოსკოვის დრო) უფლებამოსილებას მოიხსნის. კოკოითის თქმით, ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

ედუარდ კოკოითიმ შეცდომა უწოდა 2011 წელს მის მიერ „პოლიტიკურ არენაზე“ ანატოლი ბიბილოვის გამოყვანას და 2017 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მისი კანდიდატურის მხარდაჭერას.

ყოფილი „პრეზიდენტი“ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ნათესავებს და ახალგაზრდებსაც მოუწოდებს, უარი თქვან შურისძიებაზე, რადგან ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება.

ვიდეომიმართვაში კოკოითი უარყოფს გავრცლებულ ცნობებს, რომ „სამხრეთ ოსეთში“ მის ჩასვლას წინააღმდეგობა რუსეთმა გაუწია. კოკოითის მტკიცებით, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება, მეგობრების თხოვნას ითვალისწინებს და ამ ეტაპზე „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე არ ჩნდება.

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო გამოსვლების გამო დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა "მთავრობა" დაეთხოვა, თუმცა, ცხინვალში ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG