Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია რუსეთს მოუწოდებს, მეტი გააკეთოს ნავალნის ავადმყოფობის მიზეზების გამოძიებაში


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი.

გერმანიამ რუსეთს მოუწოდა, გაააქტიუროს ძალისხმევა იმის გამოსაძიებლად, თუ როგორ გახდა კრიტიკულად ავად ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობენ სავარაუდო მოწამვლის შემდეგ.

31 აგვისტოს პარიზში საფრანგეთის ელჩების წინაშე გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა თქვა, რომ „შავი ღრუბლები“ დაჰყურებს ევროპის ორმხრივ ურთიერთობებს მოსკოვთან. მისი თქმით, კონტინენტის უსაფრთხოება მუქარის ქვეშაა.

„ცხადია, მოველით, რომ რუსეთმა მეტი უნდა გააკეთოს ნავალნის საქმის გამოსაძიებლად, ვიდრე ის ამ მომენტში აკეთებს“, თქვა მან.

20 აგვისტოს ნავალნი ცუდად გახდა, როცა ციმბირიდან მოსკოვში მიფრინავდა. ამის შედეგად თვითმფრინავი, რომელშიც ის იმყოფებოდა, იძულებული გახდა, დამჯდარიყო ომსკში, სადაც მან ორი დღე დაჰყო საავადმყოფოში. ამის შემდეგ პოლიტიკოსი გერმანიაში იქნა ევაკუირებული.

44 წლის ნავალნი ბერლინში, შარიტეს კლინიკის ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის ხელოვნურ კომაში ჰყავთ.

ცნობილი გერმანული საავადმყოფოს ექიმებმა დაასკნეს, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებების ჯგუფით. ისინი მოიპოვება ზოგიერთ მედიკამენტში, მაგრამ ასევე პესტიციდებსა და ნერვულ მომწამვლელ აგენტებში. რუს პოლიტიკოსს ანტიდოტ ატროპინით მკურნალობენ.

ნავალნის გუნდი ამტკიცებს, რომ ის განზრახ მოწამლეს და რომ ამაში კრემლი იყო გარეული. რუსი ექიმების თქმით, სანამ ისინი მკურნალობდნენ ნავალნის, მათმა ანალიზებმა ვერ აღმოაჩინა შხამის ვერავითარი კვალი.

ნავალნის სავარაუდო მოწამვლამ დასავლეთის მთავრობებს უბიძგა, გამოსულიყვნენ სრული გამჭვირვალობის მოწოდებით. პოლიტიკოსები განიხილავენ საპასუხო ზომების რიგს, თუკი დადასტურდება, რომ საქმეში კრემლი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებას, რომ ნავალნი განზრახ მოწამლეს და მათი რეაქციებიდან არ ჩანს, რომ ამ საქმის სრულად გამოძიებას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG