Accessibility links

site logo site logo

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა ნავალნის გამოძიება ნოვოსიბირსკში კორუფციის შესახებ


ალექსეი ნავალნი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა ნოვოსიბირსკელი ჩინოვნიკების უკანონო ბიზნესის შესახებ გამოძიების შედეგები. „20 აგვისტოს ნავალნი მოწამლეს, ის ჯერაც კომაშია. ეს მოხდა, როცა ჩვენ ვბრუნდებოდით ციმბირში მოგზაურობიდან, სადაც ვიღებდით რამდენიმე საგამოძიებო ფილმს რეგიონული პოლიტიკის შესახებ. დღეს ჩვენ პირველ მათგანს ვაქვეყნებთ“, განაცხადა ფონდმა.

40-წუთიან ფილმში, სახელწოდებით „ვინ ჩაიგდო ხელში ციმბირის დედაქალაქი და როგორ გავათავისუფლოთ ის“, მოთხრობილია ნოვოსიბირსკის ქალაქის საბჭოს დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, რომლებიც არიან მსხვილი კომპანიების ბენეფიციარები. გამოძიების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩინოვნიკების ძვირფას საათებზე, ავტომობილებსა და უძრავ ქონებაზე უცხოეთში.

20 აგვისტოს ნავალნი ცუდად გახდა, როცა ციმბირიდან მოსკოვში მიფრინავდა. ამის შედეგად თვითმფრინავი, რომელშიც ის იმყოფებოდა, იძულებული გახდა, დამჯდარიყო ომსკში, სადაც მან ორი დღე დაჰყო საავადმყოფოში. ამის შემდეგ პოლიტიკოსი გერმანიაში იქნა ევაკუირებული.

44 წლის ნავალნი ბერლინში, შარიტეს კლინიკის ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის ხელოვნურ კომაში ჰყავთ.

ცნობილი გერმანული საავადმყოფოს ექიმებმა დაასკვნეს, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებების ჯგუფით. ისინი მოიპოვება ზოგიერთ მედიკამენტში, მაგრამ ასევე პესტიციდებსა და ნერვულ მომწამვლელ აგენტებში. რუს პოლიტიკოსს ანტიდოტ ატროპინით მკურნალობენ.

ნავალნის გუნდი ამტკიცებს, რომ ის განზრახ მოწამლეს და რომ ამაში კრემლი იყო გარეული. რუსი ექიმების თქმით, სანამ ნავალნის ისინი მკურნალობდნენ, მათმა ანალიზებმა შხამის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG