Accessibility links

site logo site logo

"ოჯახები ცდილობენ დამალონ ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტი, ცდილობენ დაიცვან გარდაცვლილი საზოგადოების მიერ განკითხვისგან"


მაკა გოგია, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამის დირექტორი

31 აგვისტოს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება იმისათვის, რომ ნარკოლოგიის სპეციალისტებმა და ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ზედოზირებით გარდაცვალება წარმოადგენს ძირითად რისკფაქტორს ნარკომომხმარებლებს შორის. საქართველო საინფორმაციო ღონისძიებებით ამ დღეს 2010 წლიდან აღნიშნავს.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი, მაკა გოგია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წელს პატივს მიაგებენ ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნას და აგრეთვე ქსელის ინიციატივით შედგა კონფერენცია - საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დიალოგის მორიგი მცდელობა იმისათვის, რომ ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს. ასეთი ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ სერვისცენტრების მიერ შეკრებილი ინფორმაციით, წელს, შვიდ თვეში ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა. 2011 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 54 იყო. მაკა გოგია თვლის, რომ ზედოზირების მსხვერპლის შემცირება არის იმის შედეგიც, რომ ქსელი ზრდის ბენეფიციარებისთვის პრეპარატ "ნალოქსონის" დარიგებას. მეორე მხრივ ეს პრეპარატი, რომელსაც აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ფასი აქვს, აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. ეს თავისთავად გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში მის დროულად მოპოვებას, რადგან ზედოზირების შემთხვევაში ადამიანს მყისიერი დახმარება სჭირდება:

„სახელმწიფომ "ნალოქსონი" რეცეპტურას დაქვემდებარებული მედიკამენტების სიიდან უნდა მოხსნას.

ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება ასეთი რისკის ქვეშ, მოიხმარს ნარკოტიკს თავად ან მისი ოჯახის წევრი და იცის, რომ არსებობს პრეპარატი ნალოქსონი, ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ურეცეპტოდ.

ზიანის შემცირების ცენტრები გავცემთ ამ პრეპარატს უფასოდ, წელიწადში 15 ათას ამპულამდე საქართველოს მასშტაბით, თუმცა ვინც არ არის ჩვენი კლიენტი, შესაძლებელია, არ მიუწვდებოდეს ხელი „ნარკანზე“ [ნალოქსონის საბაზრო სახელწოდება]. ღირებულება საკმაოდ დაბალია, 3,5 ლარი ღირს, მაგრამ მოითხოვენ რეცეპტს. როცა დგება ზედოზირების შემთხვევა, წამები წყვიტავს საქმეს - ადამიანი სუნთქვას წყვეტს, ჟანგბადი აღარ მიეწოდება ორგანიზმს. თუკი გვერდში მდგომს აქვს ეს უნიკალური პრეპარატი "ნალოქსონი", შეუძლია სასწრაფოს მოსვლამდე გადაარჩინოს ადამიანი. არაფრის დაზიანება არ შეუძლია ამ პრეპარატს.

სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ვიდრე ნალოქსონს მიაწოდებ თემის წევრებს, უნდა ჩაუტარო ინსტრუქტაჟი ზედოზირებულების პირველადი დახმარების და "ნალოქსონის" გამოყენების შესახებ. ამ ინექციის გამოყენება ძალიან მარტივია. მას შემდეგ, რაც დარწმუნდები, რომ არის ოპიატებით გამოწვეული ზედოზირება, მისი გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ კუნთში და ის მოქმედებას იწყებს რამდენიმე წუთში. აგრეთვე უნდა ვიცოდეთ პირველადი დახმარების ხერხების გამოყენება“.

მაკა გოგია რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს სტიგმაზეც, რომელიც ზედოზირებით გარდაცვლილთა ახლობლებს სიკვდილის მიზეზის დამალვისკენ უბიძგებს:

„ოჯახები ცდილობენ დამალონ ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტი, ვინაიდან მათთვის სამარცხვინოა. ცდილობენ დაიცვან გარდაცვლილი საზოგადოების მიერ განკითხვისგან. არქმევენ ინსულტს, თრომბს, გულის შეტევას და ა.შ.. არადა, პირიქით, ასეთი ოჯახები ხმამაღლა უნდა ლაპარაკობდნენ ამ პრობლემაზე, ახალგაზრდებში უნდა მიდიოდეს სწორი ინფორმირება - რა იწვევს ზედოზირებას, როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა“.

„დილის საუბრების“ რესპონდენტის თქმით, მიუხედავად რამდენიმე წლის წინანდელი ცვლილებებისა, ადამიანებს მაინც ეშინიათ ზედოზირების შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახების:

„ცვლილებები არის: 2014 წელს მივაღწიეთ იმას, რომ ზედოზირების შემთხვევის შესწრებისას, თუკი ადამიანი გამოიძახებს სასწრაფოს, მას პოლიცია აღარ მოჰყვება. აქამდე წლების განმავლობაში ზედოზირებისას არ იძახებდნენ სასწრაფოს, მიატოვებდნენ მას, გარბოდნენ მეგობრებიც და ახლობლებიც დასამალავად, რადგან იცოდნენ, რომ სასწრაფოს აუცილებლად პოლიცია მოყვებოდა. დღეს ეს რეგულაცია არ არის, თუმცა შიში, რომ პოლიცია გაიგებს, მაინც არსებობს და მაინც არის შემთხვევები, როცა ერიდებიან სასწრაფოს გამოძახებას და თავად ცდილობენ ზედოზირებულის გადარჩენას. გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სასწრაფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს შეატყობინოს პოლიციას ზედოზირების ფაქტის შესახებ“.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG