Accessibility links

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს


გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, ავტომობილის და მისი საბურავების დათვალიერების შედეგად არ იკვეთება ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი.

პროკურატურის თანახმად, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ მას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალიც.

„ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent“-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ „პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაირკვა ასევე, რომ ავტომობილი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი არ იყო აღჭურვილი იმგვარი მოწყობილობით, რომელიც მისი მოძრაობის მარშრუტის შესახებ ინფორმაციას შეინახავდა.

„რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მისი კუთვნილ ავტომობილზე კომპლექსური ექსპერტიზა 31 აგვისტოს ჩატარდა. მანქანა დაათვალიერეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოჯახის ადვოკატთან ერთად.

თამარ ბაჩალიაშვილს კუთვნილი ავტომობილი, გვამის პოვნიდან 40 დღეზე მეტხანს დალუქული იყო.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზა შეეხებოდა ავტომობილის სავალ ნაწილებს, რამდენად შეეძლო მას დამოუკიდებლად გადაადგილება, უნდა შემოწმებულიყო ავტომობილის სალონში არსებული მდგომარეობა, რა მანძილი ჰქონდა გავლილი და სხვა ტექნიკური დეტალები.

31 აგვისტოს ავტომობილის დათვალიერების შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებდა, რომ ავტომობილში არ აღმოჩნდა მეხსიერების ბარათი, რომელსაც თამარი მუდმივად თან ატარებდა.

„[ფლეშკა] აღარაა, დაკარგულია, რომელსაც ბავშვი [თამარ ბაჩალიაშვილი] ხელიდან არ უშვებდა. ეს, რაც მაინტერესებდა, აღარაა - როგორც იმ კომპიუტერზე გაქრა“, - თქვა გარდაცვლილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

პროკურატურის განცხადებაში მეხსიერების ბარათთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე არაფერი ნათქვამი.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გარდაცვალებიდან 45 დღეზე მეტის გავლის შემდეგაც, უცნობია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის შესახებ.

ოჯახი საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებს და თვითმკველობის ვერსიას გამორიცხავს.

ამავე თემაზე: "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს

FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

რა ვიცით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG