Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახის თქმით, სახელმწიფო მინისტრისგან სიახლე ვერ მოისმინა


სოფელ ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა. მან ოჯახებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოს თაობაზე, რომელსაც სამთავრობო უწყებები ეწევიან უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით.

„ვესტუმრეთ უკანონოდ გატაცებული ჩვენი მოქალაქეების, ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს, რომლებსაც პირადად გავაცანით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული და მიმდინარე ძალისხმევა იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება“, - თეა ახვლედიანის ამ ციტატას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, მინისტრისგან სიახლე ვერ მოისმინა.

„მხოლოდ ის თქვა, რომ ოსურ მხარესთან ყოველდღიურ კონტაქტზე არიან და ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იგებენ ინფორმაციას. არც წითელი ჯვრისგან არ არის ინფორმაცია. ორგანიზაციის წარმომადგენელს ორი დღის წინ ველაპარაკე და არ ვიცით, როდის შეგვიშვებენო. წერილებიც, რომელიც ზაზასთან გავაგზავნეთ, ადრესატამდე მისული არ არის. ცხინვალში დაძაბულობის ფონზე ზაზას არაფერი შეეხება, არ ინერვიულოთო - ასე დაგვამშვიდა მინისტრმა. თქმა ერთია და ჩვენი ფიქრები და მოლოდინი მეორე“, - ამბობს ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის თქმით, მინისტრთან ერთადერთი მთავარი კითხვა ჰქონდა - როდის გაათავისუფლებენ ზაზა გახელაძეს?

„შევეხვეწე, რომ ერთი სიტყვა მაინც მიაწვდინონ, რომ მარტო არ არის. ჩვენ აქეთ ერთმანეთს რაღაცეებს მაინც ვაგებინებთ და ის იქ ჩაკეტილია და არანაირი სიტყვა არ ესმის. ჩვენ აქ ასე გაურკვეველ ვითარებაში ვართ და ის იქ როგორ არის, არ ვიცით“.

ორი დღეა, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებს სტუმრობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ხვდება. მინისტრის სტუმრობის შესახებ ინფორმაციას მისივე პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სხვილოს ციხესთან დაჭრეს და დააკავეს. ცხინვალის იზოლატორში ის 50 დღეზე მეტია იმყოფება და მასთან აქამდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც ვერ შევიდა.

შესწორება: თავდაპირველად ნიუსის სათაური იყო "ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა საუბარი არ ისურვა", კონტექსტის დაზუსტების შემდეგ სათაური შეიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG