Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველა კომპანია, რომელიც სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა სწირავს „ქართულ ოცნებას“. მთავარია, პარტია იყოს ხელისუფლებაში"


ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

1 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიუროს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

ინიციატივის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელიც წლებია ლაპარაკობს ქვეყანაში ელიტური კორუფციის პრობლემის სიმწვავეზე და ითხოვს კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი უწყების შექმნას.

რატომ შეირჩა წინასაარჩევნო პერიოდი პროექტის წარსადგენად? „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური რადიო თავისუფლების ეთერში რამდენიმე მიზეზს ჩამოთვლის:

„რამდენიმე მიზეზი იყო:

პირველი - წლების განმავლობაში ძალიან აშკარა გახდა, რომ ჩვენი პრობლემა არის ელიტური კორუფცია. ის ყოველთვის არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩვენი მსმენელიც გაიხსენებს, განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილებზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები. მათთან დაკავშირებული ან მათი ოჯახის კომპანიები იგებენ უზარმაზარ ტენდერებს და ამის შემდეგ ისინი სწირავენ პარტიას გარკვეულ თანხას. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლინდა დარღვევები. მაღალჩინოსნები მალავენ თავიანთ ქონებას. გვახსოვს ძალიან ბევრი რეპორტაჟი მათ სახლებთან დაკავშირებით და შეუძლებელია მათ ასე იცხოვრონ იმ ხელფასით, რასაც იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მეორე - ბოლო პერიოდში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან ხშირად მიგვითითებენ, რომ საქართველომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები სისტემურ კორუფციასთან საბრძოლველად. ერთი მხრივ ისინიც და ჩვენც ვაღიარებთ, რომ დაბალ დონეზე კორუფცია ფაქტობრივად აღმოფხვრილია საქართველოში. მოქალაქეები არ იხდიანი ქრთამს იმისთვის, რომ აიღონ, მაგალითად, პასპორტი, რაც იყო 1990-იან წლებში. ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკვე ლაპარაკობენ ე.წ. „სახელმწიფოს მიტაცებაზეც“ კი, რაც არის კორუფციის კონკრეტული ფორმა - როცა არის არაფორმალური გავლენები, როცა კონკრეტული ადამიანები იყენებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინსტიტუციას, არამედ სისტემას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ვხედავთ, მაგალითად, რა ხდება სასამართლოში, რაც ასევე არის კორუფციის გარკვეული ფორმა. ვხედავთ რა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილ გამოძიებებთან დაკავშირებით, როცა კონკრეტული პირები სავარაუდოდ აფარებენ ხელს დამნაშავეებს.

მესამე - ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდშია მისაღები ეს გადაწყვეტილება და ზუსტად ახალი პარლამენტისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ, თუკი იქნება პოლიტიკური ნება არჩევნების შემდეგ, მათ მაშინვე ჰქონდეთ კონკრეტული მექანიზმი ხელში, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“.

ეკა გიგაური განმარტავს, რომ ახალი სააგენტოს შექმნის იდეა არ გულისხმობს ახალი, სტანდარტული, დამატებითი უწყების შექმნას:

„ეს არ არის სტანდარტული, დამატებითი უწყება, რომელსაც ეყოლება უფროსი, რომელსაც ექნება მანქანა, რომელიც დაარიგებს პრემიებს, რომელსაც ეყოლება ბევრი მოადგილე და ა.შ.“.

რატომ ჩათვალეს საჭიროდ კანონპროექტის ავტორებმა საჭიროდ დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა და რატომ თვლიან არასაკმარისად და არაეფექტიანად არსებული ანტიკორუფციული უწყებების საქმიანობას:

„ჩვენ გაფანტული გვაქვს ანტიკორუფციული სამსახურები, რომლებიც ძალიან ვიწრო მიმართულებებით მუშაობენ და ეს არის ცუდი, რადგან ისინი არ არიან კოორდინირებული.

მაგალითად რომ ავიღოთ პარტიების დაფინანსების სქემა: ტენდერი, ტენდერზე წინასწარ შეთანხმება, აძლევენ კომპანიას კონტრაქტს, შემდეგ ეს კომპანია წირავს მმართველ პარტიას და ა.შ.. აქ ძალიან ბევრი შრეა გადაკვეთილი ერთმანეთთან, ამიტომ მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია ერთ უწყებაში იყოს. ეს არის საერთაშორისო გამოცდილება. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, გავაკეთეთ ბალტიისპირეთის მაგალითზე.

დღეს გვაქვს სამი მთავარი დეპარტამენტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს:

  • პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ეს არის აუდიტის სამსახურში;
  • მეორე არის სუს-ში, ანტიკორუფციული დეპარტამენტი;
  • მესამე არის საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც მონიტორინგს უწევს მაღალჩინოსნების ქონებას და ქონებრივ დეკლარაციებს.

ჩვენი იდეა არის ის, რომ ამ სამი სამსახურის გაერთიანება მოხდეს. ამ შემთხვევაში გვექნება უფრო მობილური სამსახური. საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა ისიც, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტს.

გარდა იმისა, რომ ამ უწყების ფუნქციები იქნება პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, კორუფციასთან ბრძოლა, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა და ამის გაკეთება მათ შეეძლებათ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ან მიმართვის საფუძველზე, მათ აგრეთვე ექნებათ ფუნქცია, რომ შეხედონ ქონებრივ დეკლარაციებს, დაადგინონ რამდენად შეესაბამება კონკრეტული მაღალჩინოსნის ქონება მის შემოსავალს. ვფიქრობთ, რომ ამ უწყებამ მთავრობასთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღოს ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრაში და მას ასევე პრევენციისა და კორუფციაზე საზოგადოების ინფორმირების ფუნქციაც ექნება.

უწყება ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, მას ექნება მოხსენებები პარლამენტში და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას აკეთებს ის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უწყება იყოს განსაკუთრებით გამჭვირვალე, არ იყოს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად და მის მიერ გამოძიების დაწყება არ ხდებოდეს შერჩევით, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით.

უფროსის დანიშვნის წესი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაინიშნოს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერით. აქ საჭირო იქნება რამდენიმე პარტიის ჩართულობა, რომ მისი ლეგიტიმაცია იყოს მაღალი და ჰქონდეს პოლიტიკური მხარდაჭერა“.

რამდენიმე კვირის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პარტიების დაფინანსების შესახებ ანგარიში. ეკა გიგაური აღწერს სქემას, რომელიც არაერთგზის არის გამოცდილი:

„სქემა არის ძალიან მარტივი: სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გადის კონკრეტულ კომპანიაზე, მას უდებენ კონტრაქტს გარკვეულ მომსახურებაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ან ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირი სწირავს „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ თანხას.

ღიმილისმომგვრელია და საინტერესო ტენდენციაა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა სწირავს „ქართულ ოცნებას“. აქედან ჩანს, რომ მათთვის პარტიას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარია, რომ ეს პარტია იყოს ხელისუფლებაში. მეორე საკითხია, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ანუ, რომ არ იყოს თხოვნა, ან „თვითშეწირვა“ რომ არ იყოს, ნორმალურ სიტუაციაში რამდენი კომპანია მოინდომებდა თავისით, რომ შეეწირა პოლიტიკური პარტიისთვის. მგონია, რომ ძალიან ცოტა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს გვაქვს სერიოზული კრიზისი პანდემიის ფონზე. ამ დროს კომპანიებიდან ამ ფულის ამოღება ასევე ზრდის ეჭვებს.

მეოთხე - ამას თვითონ აკეთებენ, თუ აძალებენ? - ეს გამოძიების საგანია. არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ზეწოლის ქვეშ არიან ეს კომპანიები. არაფერს გამოვრიცხავ.

ეს მმართველი პარტია პირველი კი არ არის, ვინც ამას აკეთებს. 2012 წლამდე გვქონდა ანგარიში და დაახლოებით იმავე სქემით მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“. ახალი არაფერია“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG