Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აქვეყნებს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმების საქმეებზე გამოძიების შედეგებს


„თბილისი პრაიდის“ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.

1. შსს-ს ცნობით, 2020 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, გამოიკითხნენ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირები. გამოძიება გრძელდება.

2. კიდევ ერთი საქმე ეხება „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე განთავსებული დროშის და აღნიშნული ოფისის კედლის შესაძლო შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტს (2020 წლის 7 ივნისს).

როგორც შსს აღნიშნავს, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა, რომელთა მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელთაგან სამი პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, 500 ლარის ოდენობით“.

3. შსს 2020 წლის 21-22 ივლისს, ამავე ოფისთან დაკავშირებული მორიგი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ მიუთითებს: საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს „თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე განთავსებული დროშა და შენობის სადარბაზოში ისროლეს კვერცხები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა და მათ მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“, - აცხადებს შსს.

4. 2020 წლის 3 აგვისტოს, შსს-ს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე განთავსებული დროშა საღებავებიანი კვერცხებით კიდევ ერთხელ დასვარეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობა და მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“, - ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვთ „თბილისი პრაიდის“ ოფისის წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG