Accessibility links

ენდელაძე: COVID 19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერიდან არის


ბათუმის კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს 9 პაციენტი დაემატა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან 8 შემთხვევაში ინფექცია გავრცელდა სხვა პაციენტებთან კონტაქტის შედეგად; 3 შემთხვევა იმპორტირებულია და „აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“; ხოლო კიდევ ერთ შემთხვევაში პაციენტი რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია.

„ერთი შემთხვევა გვაქვს მხოლოდ, სადაც დადასტურებული არ არის კერა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“ - აცხადებს ენდელაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში COVID 19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ქვეყნის მასშტაბით სულ 1621 ინფიცირებულია აღრიცხული; ხოლო ამჟამად სტაციონარებში მკურნალობს 292 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებსაიტზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, ამ ეტაპისთვის კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი იმყოფება.

ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ქვეყანაში COVID 19-ის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG