Accessibility links

პანკისში გაიმართა მორიგი აქცია სათემო რადიოს წინააღმდეგ


პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სათემო რადიო „ვეი“-ს შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი მივიდა. მათი თქმით, აქცია მიმართული იყო არა თვითონ რადიოს, არამედ მისი დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ.

პანკისელების ნაწილი თვლის, რომ მთივლიშვილი ხეობაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად და პროვოკაციულად აშუქებს.

როგორც აქციის მონაწილემ, ადგილობრივმა მკვიდრმა, გურამ მარგოშვილმა განაცხადა, გელა მთივლიშვილმა მათთვის მიუღებლად გააშუქა 29 აგვისტოს გამართული აქციაც და სწორედ ამის გამო დაიგეგმა შემდგომი აქციაც.

„მან დაწერა, რომ, ვითომ, აქციაზე ხალხი ძალით მიიყვანეს, ხოლო თუ არ მივიდოდნენ, დაითხოვდნემ სამსახურიდან. ეს ასე არ ყოფილა და მე ვარ ამ ამბის მომსწრე. ჩვენ მედიის წინააღმდეგი არ ვართ; ვითხოვთ, რომ გელამ დატოვოს ეს შენობა და აქ იმუშაოს წესიერმა კაცმა“ - განაცხადა გურამ მარგოშვილმა.

5 სექტემბერს პანკისის რადიოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს, გელა მთივლიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა რადიოს ვებსაიტზე საგანგებო განცხადება გავრცელდა. განცხადების თანახმად, დღევანდელი აქციის მიზანი იყო ამ მედიასაშუალების დახურვის მოთხოვნა, რაც უკავშირდება მათ საქმიანობასა და მომზადებულ მასალებს.

ამავე განცხადების მიხედვით, აქცია ორგანიზებული იყოროდი სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

რადიოს წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს.

მანამდე, მსგავსი განცხადება გაავრცელა კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“. კოალიციის წევრი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვდნენ პანკისის სათემო რადიოს დარბევის მუქარასთან დაკავშირებით, რაც 29 აგვისტოს აქციაზე გაისმა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG