Accessibility links

სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში


ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა წუხელ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, სადაც 27 ივლისიდან მოქმედებს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

გარდა ამისა, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა 6 სექტემბერს ლუგანსკის ოლქში, ნაღმზე აფეთქების შედეგად, როდესაც საევაკუაციო სამუშაოებს ასრულებდნენ რეგიონში მძვინვარე ხანძრის პირობებში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ავტომატებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან ინტენსიური ცეცხლი წუხელ გაიხსნა პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ფრონტისპირა დასახლებული პუნქტებიდან.

თვითმარქვია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო შტაბში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინის არმიამ დაარღვია იასინოვატაიას მიმართულებით.

დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება 2014 წლიდან, რასაც წინ უძღოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა რუსეთს ადანაშაულებენ დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერაში.

მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში შესაძლოა, მხოლოდ რუსი „მოხალისეები“ იბრძოდნენ.

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში დაიღუპა სულ მცირე 13 300 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG