8 სექტემბრიდან ბათუმის „ხოფას“ ბაზრობა დაიკეტება. მიზეზი კი ისაა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელს. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ვირუსი გეგმური კვლევის შედეგად გამოვლინდა.
ბაზრობაზე დასაქმებულებს მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ხოფას ბაზრობა დღეს ისვენებს, ხვალიდან დაიწყება მისი თანამშრომლების ტესტირება“, - ეს განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება და ტესტირება მიმდინარეობს. აჭარის ა/რ დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდკვლევისა და ტესტირების პასუხზე იქნება დამოკიდებული, როდის განაახლებს ბაზრობა მუშაობას.
აჭარაში 24 საათში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 34-ით გაიზარდა კორონავრუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და სულ 1684 შეადგინა.
5-ითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვია 1315. გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.