Accessibility links

კახეთში სტუმრად მყოფი კოვიდინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტი მოიძიეს


საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის თბილისსა და კახეთში კოვიდინფიცირებული ქალის 19 კონტაქტია გამოვლენილი. აღებულია საკვლევი მასალა და პასუხებს რამდენიმე საათში ელოდებიან. პარალელურად გრძელდება კონტაქტების მოძიება.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ეს შემთხევევა კახეთის შიდა გავრცელების მაგალითად არ განიხილება, ვინაიდან თბილისიდანაა შეტანილი.

„ექიმი ქალი, რომელიც ახმეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში თბილისიდან ჩავიდა, თელავის საავადმყოფოს რესპირატორული ჩივილებით მიაკითხა და განაცხადა, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინიფიცირებულ პაციენტთან. სამჯერ ავუღეთ ჯინექსპერტი, ანუ სწრაფი PCR ტესტი და ერთ-ერთ მათგანში დადასტურდა ვირუსი. ექიმი სამკურნალოდ გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნელი ხიზანიშვილმა და დაამატა, რომ ქალის ინფიცირების წყარო თბილისის ერთ-ერთი კლინიკაა. თუმცა, რომელ კლინიკაზეა ლაპარაკი, ხიზანიშვილი არ აკონკრეტებს.

კახეთში სტუმრად მყოფი ექიმის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში დადასტურდა.

ინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნათესავებთან რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. ასევე, მას კონტაქტი ჰქონდა მამასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს.

ეპიდემიოლოგები კონტაქტების იდენტიფიცირებას ისევ აგრძელებენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG