Accessibility links

დღეიდან იწყება კოვიდინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა საკარანტინო სივრცეებში


კორონავირუსის პრევენციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იწყება კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობა საკარანტინო სივრცეებში, სასტუმროებში.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სასტუმროებში მოხვდებიან 18-დან 65 წლამდე ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ინფექციის სიმპტომური გამოხატულება და თანმხლები ქრონიკული დაავადებები. მინისტრის თქმით, უსიმპტომო პაციენტების სასტუმროებში მკურნალობის პროტოკოლზე მუშაობა კლინიკურმა ჯგუფმა გუშინ, 8 სექტემბერს დაასრულა:

„პროტოკოლი გულისხმობს შემდეგს, რომ არასრულწლოვანების გადაყვანა სასტუმროში არ მოხდება, 65 წელს ზემოთ მოქალაქეების გადაყვანა სასტუმროში არ მოხდება, სასტუმროში მოხვდებიან მხოლოდ პაციენტები, რომელთაც არა აქვთ არანაირი სიმპტომური გამოხატულება და არ ესაჭიროებათ დამატებითი კვლევები და ექიმების მეთვალყურეობა და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ პაციენტს თავის ანამნეზში არ უნდა აღენიშნებოდეს ნებისმიერი ქრონიკული თანმხლები დაავადება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს ბათუმის საავადმყოფოდან პაციენტების გადაყვანა სასტუმროებში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. განახლებული მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG