Accessibility links

ევროკავშირის სანქციებს ბელარუსზე კვიპროსი ბლოკავს


რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელიდან.

პრაღა, 9 სექტემბერი, 2020 - ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების დახმარებისა და დემონსტრანტებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, ევროკავშირს კიდევ ერთი, მთავარი, პოლიტიკური ხელსაწყო აქვს მინსკის რეჟიმის წინააღმდეგ - სანქციები.

აგვისტოში ჩატარებულ სამ დიდ შეხვედრასა და მრავალრიცხოვან პრესკონფერენციებზე ევროკავშირის ლიდერებმა, მინისტრებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ დაიწყებოდა ქონების გაყიდვა და ვიზების გაცემის აკრძალვა მათთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო ბელარუსში დემონსტრანტებზე თავდასხმაში. ამ კვირას დაგეგმილი იყო, რომ ბლოკის ელჩებს ბრიუსელში, რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, უკვე კონკრეტული სანქციები დაესახელებინათ. ამის ნაცვლად, ოფიციალური პოზიცია ახლა ასეთია: „გრძელდება მუშაობა სანქციების შემოღებაზე“.

მიზეზი კვიპროსის ვეტოა, რომელსაც მხარს საბერძნეთიც უჭერს. ზოგი ეჭვობს, რომ კვიპროსის გადაწყვეტილების მიღმა ქვენა მოტივები დგას - მაგალითად, ახლო კავშირები მოსკოვთან. თუმცა დიპლომატები, რომლებიც ჩართული არიან მოლაპარაკებებში, უფრო პროზაულ ახსნას იძლევიან. მათი თქმით, ნიქოზიას სურს სანქციების დაწესება თურქეთისთვის, რომელიც, მათი თქმით, არალეგალურად მოიპოვებს მათ წყლებში ნავთობსა და გაზს.

ბრიუსელმა ამისათვის უკვე დაუწესა სანქციები რამდენიმე თურქ ოფიციალურ პირს, მაგრამ კვიპროსსა და საბერძნეთს სიაში კიდევ სხვების დამატებაც უნდათ. და რადგან სანქციების გადაწყვეტილებას ბლოკი ერთხმად იღებს, ბელარუსის წინააღმდეგ დასაწესებელი ზომები თურქეთის სანქციებს დაუკავშირდა.

ამ ურთიერთკავშირმა, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა შეუქმნა ევროკავშირს. ჯერ ერთი, ბელარუსის სანქციების შესახებ შეთანხმება ბევრად წინაა წასული, ვიდრე თურქეთისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ზომების გამოცხადება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსკენ გადაიწევს, როდესაც ორივე საკითხის განხილვა დასრულდება.

თავად ფაქტი, რომ კვიპროსისნაირ პატარა ქვეყანას შეუძლია ბელარუსის წინააღმდეგ შემოსაღები სანქციების ამგვარი შეფერხება, ბევრ შეკითხვას აჩენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და ამ ბლოკის მსოფლიო როლთან დაკავშირებით.

მეტიც - ევროკავშირის ყველა სანქცია დღეს ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულის მძევალია. ზაფხულის განმავლობაში ბლოკი მუშაობდა იმ ორი პირისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ შემოსაღებ ზომებზე, რომლებსაც პასუხისმგებლად მიიჩნევენ 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმაში. ამ თემაზე მუშაობა ამწუთას გაიყინა, ისევე როგორც შეფერხდა 15 პირისა და სამი ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების შემუშავება - ისინი ჩართული იყვნენ ქერჩის ყურეში ხიდის მშენებლობაში, რომელიც არალეგალურად ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან დააკავშირებს.

ევროკავშირის ბევრი დიპლომატი კვიპროსის ქმედებებს უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს. მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ასე იქცევა და, საბოლოოდ, თავისას აღწევს კიდეც.

ცოტა ხნის წინ უნგრეთი ორჯერ დაემუქრა ევროკავშირს, რომ თუ ბელარუსთან შეიარაღების ემბარგოში გარკვეულ გამონაკლისებს არ დაუშვებდნენ, სანქციებს ვერ მიიღებდნენ. საბოლოოდ, მათ მიიღეს კიდეც ეს გამონაკლისები. ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებებს კი საფრანგეთი 18 თვის განმავლობაში ბლოკავდა - მწვანე შუქის ანთებამდე პარიზმა სამჯერ თქვა უარი და რამდენიმე განსხავებული მიზეზი დაასახელა, რომლებიც უფრო შიდა პოლიტიკასა და არჩევნებთან იყო დაკავშირებული.

არაა გასაკვირი, რომ ბოლო დროს უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები შეივცალოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების წესები, რათა ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლოს მნიშვნელოვანი თემების ერთპიროვნული დაბლოკვა. თუმცა ამას უმეტეს წევრ ქვეყნებში ჯერ მხარს არ დაუჭერენ - საგარეო პოლიტიკის წარმოება ნაციონალურ საკითხად მიიჩნევა და სუვერენული უფლების დათმობა ევროკავშირის სასარგებლოდ არ სურთ. როდისმე ევროკავშირს მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა შეწყვიტონ თავის მოკატუნება, თითქოს საგარეო პოლიტიკის შექმნაში რაიმე გავლენა აქვთ. თუმცა ჯერ მანდ არ ვართ.

ამჯერად კი ისმის კითხვა: რამდენად ამბიციური იქნება მსგავსი საგარეო პოლიტიკა? ბელარუსის სანქციებთან დაკავშირებულ დებატებს შევხედოთ: ზოგ წევრ ქვეყანას სურდა სიაში 10-15 ადამიანი შეეყვანა. სხვები - პირველ რიგში, ბალტიის სამი ქვეყანა - ითხოვდნენ სანქციებს ასამდე ადამიანის, მათ შორის მინსკის რეჟიმის ყველა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. საბოლოოდ, თუ ამ სანქციებზე ოდესმე შეთანხმდნენ, სავარაუდოა, რომ შავ სიაში 30-მდე ადამიანს შეიყვანენ. თავად ლუკაშენკოს სანქციები ჯერ, ალბათ, არ შეეხება.

სევდიანი სიმბოლიზმია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG