Accessibility links

ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის ყოფილი უფროსი სკანდალში გაეხვია ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებების გამო


უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში მოწმის სტატუსით გამოიძახეს ანდრეი ბოჰდანი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი მის მიერ დმიტრო გორდონთან ინტერვიუში გამოთქმული ბრალდების გამო ყირიმთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რუსეთის მიერ ყირიმის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობაზე, ბოჰდანმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბავშვურად სჯერა, რომ რუსეთი „გადაიხდის კომპენსაციას ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების სანაცვლოდ, ხოლო ეს ფული მოხმარდება უკრაინის განვითარებას“, - განაცხადა ანდრეი ბოჰდანმა ინტერვიუში.

დმიტრო გორდონთან ინტერვიუში ზელენსკის აპარატის ყოფილმა უფროსმა რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის, ბელარუსში დაკავებული „ვაგნერელების“ შესახებ, რომელსაც ბოჰდანმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია უწოდა.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 წევრი ბელარუსში დააკავეს 28 ივლისს. ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებით, დაქირავებულ „ვაგნერელებს“ უნდა მოეწყოთ დესტაბილიზაციის აქტები საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა მოთხოვნა დაკავებულთა გადაცემის შესახებ.

კიევს მიაჩნდა, რომ ბელარუსში დაკავებულთა უმრავლესობა დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა სეპარატისტების მხარეზე.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ბელარუსმა დაკავებული რუსი მოქალაქეები გაათავისუფლა.

5 აგვისტოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვასილი ბურბა.

ანდრეი ბოჰდანი ამტკიცებს, რომ ბურბა იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მისი ხელმძღვანელობით წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ტარდებოდა „ვაგნერელების“ გატყუებისა და დაკავების სპეცოპერაცია, რომელიც ერთი ზარის გამო ჩაიფუშა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ „იცის, თუ ვინ დარეკა და სად“ და რომ ეს ადამიანი ზელენსკის ყველაზე „ახლო გარემოცვიდანაა“.

უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსის განცხადებებს უწოდეს „სრული ფანტაზია და ვარაუდი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ანდრეი ბოჰდანი თებერვლის დასაწყისში, მას შემდეგ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაც გაირკვა, რომ ზელენსკისთან დაახლოებული ადვოკატი უკრაინიდან დევნილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს მთავრობის რწმუნებული იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებში და მასზე, როგორც იანუკოვიჩის გარემოცვის მაღალი რანგის მოხელეზე, ვრცელდებოდა ლუსტრაციის შესახებ კანონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG