Accessibility links

158 ახალი შემთხვევიდან 87 - აჭარას, 28 - სამეგრელოს, 19 - იმერეთს, 6 - გურიას, 18 - თბილისს უკავშირდება


თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87 აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება. მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ახალი შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ ახალი შემთხვევების სწრაფად მოძიება ხდება.

„დღეისთვის დაგვემატა 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 2075. ეს 158 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებითაა - 87 არის აჭარა, 28 არის სამეგრელო, 19 არის იმერეთი, 6 - გურია და 18 - თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ და ავხსნი, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათი გამოკვლევა“, - განმარტა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსი თითქმის ლოკალიზებულია, თბილისში კი მდგომარეობა როგორც წინათ, ახლაც უფრო კონტროლირებულია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ამ 158-დან ყველაზე დიდი რაოდენობა არის ბათუმში და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ, ანუ ასეთი სწრაფი კვლევები იმის საშუალებას იძლევა, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია. ლოკალიზებულია ასევე ცაგერი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი მოსახლეობისთვის მეტი სიფრთხილის გამოჩენის და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზეზი უნდა გახდეს, ტესტირებულთა რაოდენობა კი ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული.

„თუ არ ვცდები, დღეში 9000-მდე ტესტი კეთდება. ტესტების რაოდენობა, რაც კეთდება, ზუსტად აჩვენებს, რომ ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია, რაც კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თვითიზოლაცია ხდება, იზოლაციის შედეგად კი გავრცელების მაქსიმალური პრევენციაა. რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, მით ნაკლები საშიშროებაა დაავადების გავრცელების.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 158 ახალი შემთხვევა ნუ შეგვაშინებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ დავიცვათ. 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ“, - თქვა ეზუგბაიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს. 12 სექტემბრის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია - 1363, კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG