Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბელარუსს 1.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დახმარების გამოყოფაზე დათანხმდა ბელარუსის პრეზიდენტს, თავის ქვეყანაში საპროტესტო აქციების სამიზნედ ქცეულ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, და მინსკს სესხის სახით 1.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს - თუმცა, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსმა ხალხმა კრიზისი უცხოეთის ჩარევის გარეშე, თავად უნდა გადაწყვიტოს.

პუტინსა და ლუკაშენკას შორის სოჭში მიმდინარე შეხვედრიდან ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა 14 სექტემბერს თქვა, რომ, მისი აზრით, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ლუკაშენკას წინადადება ლოგიკური და დროულია. ეს პირველი შეხვედრა იყო ლუკაშენკასა და პუტინს შორის მას შემდეგ, რაც ბელარუსში ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო, გასულ თვეში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ.

ბელარუსში ყოველდღიური დემონსტრაციები იმართება მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფი ლუკაშენკა. თავად ლუკაშენკა დემონსტრაციებში უცხოეთის ძალებს ადანაშაულებს. პოლიციამ დააკავა და ცემა ათასობით მოქალაქე, დემონსტრანტებზე ზეწოლა დაგმეს აშშ-მა და ევროკავშირმა.

პუტინმა ასევე მიანიშნა სამხედრო დახმარებაზე ლუკაშენკასთვის და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. რუსეთის საჰაერო მედესანტეებმა 14 სექტემბერს დაიწყეს ერთობლივი წვრთნები ბელარუსის ძალებთან.

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსმა ახლო კავშირები უნდა შეინარჩუნოს თავის "უფროს ძმასთან", რუსეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG