Accessibility links

ქუთაისში "პედაგოგების კლასტერი" გაფართოვდა


ბოლო 24 საათში, ქუთაისში კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი უკავშირდება 32-ე საჯარო სკოლის „პედაგოგების კლასტერს“. ამის შესახებ მედიას აცნობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. 32-ე სკოლის 21 პედაგოგს და ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი 10 სექტემბერს დაუდასტურდა.

შალამბერიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ გაფართოებულა კიდევ ერთი, 24-ე სკოლის კლასტერი. ქუთაისის ამ საჯარო სკოლის დირექტორს, საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს კორონავირუსი 14 სექტემბერს დაუდგინდა. 24-ე სკოლის 30-ზე მეტი თანამშრომლის პირველადმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან. სკოლის საქმეთა მმართველი, რომელიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მაგისტრანტია, 12 სექტემბერს იმყოფებოდა წინასამაგისტრო დაცვაზე. თვითიზოლაციაშია უნივერსიტეტის 11 თანამშრომელი, რომლებიც დაცვას ესწრებოდნენ.

რამდენიმე დღეა, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მოწყობილ საველე ლაბორატორიაში გრძელდება მოქალაქეთა ნებაყოფლობითი ტესტირება. 15 სექტემბრის დილის მონაცემებით, 300-მდე ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისში კორონავირუსის 80-ზე მეტი შემთხვევაა. ინფიცირებულ პაციენტებს სხვა რეგიონებიდანაც იღებს 5 კლინიკა. მათ შორისაა „ბომონდი“, სადაც 15 სექტემბრის დილის მონაცემებით, 30 პაციენტს მკურნალობენ. მათ შორის 11 ბავშვი და 1 ორსულია. ამავე კლინიკაში იმყოფება ბათუმის ხანდაზმულთა პანსიონატის 5 ინფიცირებული ბენეფიციარი და 1 თანამშრომელი.

ცაგერიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 5 ახალი პაციენტი. ამჟამად კლინიკაში მკურნალობენ სულ 30 პაციენტს. მათგან 14 ბავშვია.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2562-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG