Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ირანი „ათასჯერ უფრო ძლიერ" პასუხს მიიღებს აშშ-ზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას უფრო მძლავრი რეაქცია მოჰყვება აშშ-ის მხრიდან.

ტრამპის განცხადების ფონია მედიით გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, ირანი შურისძიების მიზნით გეგმავს ამერიკელ დიპლომატზე თავდასხმას გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის სანაცვლოდ.

„აშშ 1000-ჯერ უფრო დიდი მასშტაბის თავდასხმას დაუპირისპირებს ირანის მხრიდან ნებისმიერი ფორმით განხორციელებულ თავდასხმას“, - დაწერა 14 სექტემბერს ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტმა.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.

დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „პოლიტიკო“ 13 სექტემბერს იტყობინებოდა, რომ ირანი სავარაუდოდ გეგმავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარ ლანა მარკსზე თავდასხმას.

გასული წლის ოქტომბერში, პრეზიდენტი ტრამპის წარდგინებით, დიპლომატი ლანა მარკსი კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ის ელჩად სამხრეთ აფრიკაში.

უცნობია, შეატყობინეს თუ არა 66 წლის დიპლომატს მასზე თავდასხმის საფრთხის შესახებ.

ამასთან, „პოლიტიკოს“ ხელთ არსებული ცნობებით, ლანა მარკსი ერთ-ერთია იმ ამერიკელთა შორის, რომლებიც სოლეიმანისთვის შურისძიების მიზნით ირანის რეჟიმის სამიზნეს წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG