Accessibility links

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა მატებას პროგნოზირებენ


აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში 4000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა PCR-ტესტირება, მათგან 144 დადებითი აღმოჩნდა. ახალ შემთხვევათა უმრავლესობა თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეა, რომლებიც სხვადასხვა გამოვლენილი კლასტერის კონტაქტები არიან.

აჭარაში ამ დროისთვის 321 კოვიდპაციენტი მკურნალობს. 158 მათგანი უსიმპტომო პაციენტია და სასტუმროებში, კოვიდკარანტინში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება გაზრდილ შემთხვევებს, რადგან ეს იყო პროგნოზირებადი. შემთხვევათა კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია, რადგან ყველა გამოვლენილი კონტაქტის მოძიება გრძელდება“, - განაცხადა აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG