Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში საჯარო სკოლა დაიტბორა - დირექტორი დახმარებას ითხოვს


წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საჯარო სკოლის შენობა დაიტბორა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში. სკოლის დირექტორმა, გიორგი ბუღრიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წყლით და ტალახითაა სავსე სკოლის ეზოს დიდი ნაწილი, საპირფარეშო და სველი წერტილები. შესაბამისად, ბავშვები ტუალეტით ვეღარ სარგებლობენ.

გიორგი ბუღრიძის თქმით, იძულებული გახდა, სასწავლო პროცესი მესამე გაკვეთილის შემდეგ შეეწყვიტა და მოსწავლეები სახლში გაეშვა. სკოლის დირექტორის თანახმად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობა სკოლას არ გააჩნია.

კასრისწყლის სკოლა წვიმის შედეგად დაიტბორა დაახლოებით ორი კვირის წინაც.

გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, სოფლის შესასვლელში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ხელოვნური ტბა მოაწყო იმ ადგილზე, სადაც სანიაღვრე არხები იყო, წყლის გამტარი არხი გაუქმდა და ახლა ყოველი წვიმის დროს სკოლა იტბორება.

კასრისწყლის სკოლის ადმინისტრაცია დახმარებას ითხოვს როგორც ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ასევე, სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად.

ახმეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სანამ წყალი არ დაშრება, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდება. შეკითხვაზე, დაეხმარება თუ არა მერია სკოლას ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სანიაღვრე არხის მოწყობაში, ნასყიდაშვილმა გვიპასუხა, რომ შეძლებისდაგვარად იმოქმედებენ.

საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თუ სველი წერტილები და საპირფარეშო არ გაიწმინდა, შესაძლოა, ხვალიდან სწავლა ვეღარ გაგრძელდეს.

კასრისწყლის საჯარო სკოლაში 55 მოსწავლე და 10 პედაგოგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG