Accessibility links

მინისტრის თქმით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ამ დროისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ მობილიზებულია 400 საწოლი და უახლოესი 48 საათის განმავლობაში ამ რიცხვს კიდევ 170 საწოლი დაემატება.

ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ტარდება ასიმპტომური პაციენტების სამკურნალოდ. კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე ამოქმედებულია პროტოკოლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი მკურნალობას გაივლის სასტუმროებში, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და პერსონალით. მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ასიმპტომური პაციენტები საჭიროების შემთხვევაში, კვლავ დაბრუნდებიან სტაციონარებში.

რაც შეეხება პაციენტთა მკურნალობაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობასა და ბინაზე მკურნალობის საშუალებების დანერგვას, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ხელმძღვანელობით აჭარაში ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს:

„თამარ გაბუნიას დახმარებით გაიმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რათა მათ მართონ სახლის პირობებში ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ თვითიზოლაციის საშუალებაც. დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა აჭარის რეგიონის სამედიცინო პერსონალთან, ვინაიდან ჩვენ ასევე დავაანონსეთ, რომ შეიძლება გახდეს საჭირო პერსონალის მობილიზაცია. ჩვენ ამ კუთხით დავეხმარებით კლინიკებს იმისათვის, რომ მათთან არ იყოს პერსონალის დეფიციტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 16 სექტემბერს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა, რომელთაგან 145 აჭარაში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG