Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს სურს, სწრაფად განიხილონ სენატში უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის საკითხი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს „ძალიან ნიჭიერ ქალს“.

საერთაშორისო პრესა წერდა ემი კონი ბარეტის შესახებ, რომელიც ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს კონსერვატორთა შორის.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა 18 სექტემბერს. ის სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი იყო. თუ სასამართლოს ახალ წევრად კონსერვატორი გავიდა, უზენაეს სასამართლოში კონსერვატორებს კომფორტული უმრავლესობა ექნებათ.

ტრამპმა მოუწოდა სენატს, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, დაუყოვნებლივ განიხილონ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ ადგილზე კონსერვატორი მოსამართლის კანდიდატურის წამოყენება.

ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი თვლის, რომ ნებისმიერი კენჭისყრა ახალი მოსამართლის კანდიდატურის შესახებ უნდა მოხდეს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა, რომელიც სენატში კენჭისყრის ვადებს განსაზღვრავს, უკვე თქვა, რომ ტრამპის მიერ წამოყენებული კანდიდატურა წარდგენილი იქნება სენატორების წინაშე განსახილველად.


ჩვეულებრივი შემოწმება და მოსმენები უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურის გარშემო რამდენიმე თვეს გასტანს ხოლმე.

სენატში რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობა აქვს და ხმების შეფარდება 53-47-თანაა მათ სასარგებლოდ. რესპუბლიკელებმა უნდა იჩქარონ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 45 დღეში მოხდეს ტრამპის კანდიდატურის უბრალო უმრავლესობის მიერ დამტკიცება და ყველა პროცედურისა და წინაღობის გავლა.

დემოკრატებმა რომც მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები და უმრავლესობა სენატში, კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლიდა ტრამპს და რესპუბლიკელებს, დაამტკიცონ მოსამართლე, სანამ ახალი კონგრესი დადებდეს ფიცს 3 იანვარს.

XS
SM
MD
LG