Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბელარუსის სანქციების საკითხში


ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 21 სექტემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ბელარუსისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, მინისტრებმა განიხილეს სანქციების საკითხი. „და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცხადი სურვილი, დამტკიცდეს ეს სანქციები, დღეს ეს შეუძლებელი იყო, რადგან ვერ მივაღწიეთ საჭირო ერთსულოვნებას“, თქვა ბორელმა და გამოაცხადა, რომ ამ საკითხს ახლა სახელმწიფოთა მეთაურები განიხილავენ ერთი კვირის შემდეგ.

სამი კვირის წინ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ სანქციებს დაუწესებდა ბელარუსის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ბრიუსელი ბრალს სდებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ.

ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების სია, მაგრამ მისი მიღება არ ხერხდება კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. კვიპროსი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ზომებს მიმართოს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების სადაზვერვო სამუშაოს ატარებს.

ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა, 27-ვე წევრი მიემხრობა მას. ჩიხური მდგომარეობა, რომლის უკან დგას ბლოკის ერთ-ერთი ყველაზე მცირე სახელმწიფო, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ავტორიტეტს. შედეგად, გაძლიერდა მოწოდებები ადამიანის უფლებების დაცვის და სანქციების სფეროში კვალიფიცირებული უმრავლესობის გამოყენებისკენ.

21 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა ციხანოუსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებზე „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბელარუსის ხალხის სიმამაცემ და ენერგიულობამ, განსაკუთრებით - ბელარუსი ქალებისა, რომლებიც ლიდერობის ჭეშმარიტ უნარს ავლენენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG