Accessibility links

პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის შესახებ


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურამ.

პროკურატურა აცხადებს, რომ არ ჩარეულა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში და მობილურ ტელეფონში არსებული მასალების შესწავლისას არ დაუთვალიერებიათ სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ეს არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მობილური ტელეფონის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონი დაილუქა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.

პროკურატურა მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის შესახებაც მიუთითებს: „აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელთა სიყალბე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით".

განცხადებაში განმარტებულია, რატომ გახდა მობილური ტელეფონის ექსპერტიზის წინაშე წარდგენა აუცილებელი. „იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც არ გააჩნდა თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობას. აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პროკურატურა აცხადებს, დღეს, 23 სექტემბერს, დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერეს დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი. თუმცა, განცხადების თანახმად, მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.

23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხავენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე", - აცხადებს პროკურატურა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიასა და პროკურატურას „სატელიტური ფოტოები" დამონტაჟებული სახით წარუდგინა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ დასახელებული წყარო, რომელმაც მას თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის ადგილის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ჩანაწერები მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა. ის მაგისტრმა მოსამართლემ უკვე დაკითხა. მტკიცებულებების გაყალბებისა და დავით ფურცხვანიძესთან კავშირის შესახებ გამოიკითხა მიხეილ რამიშვილიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG