Accessibility links

Le Monde: პუტინი არ გამორიცხავს, რომ ნავალნიმ თავი მოიწამლა


საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი

ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხება საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის 14 სეტემბერს გამართულ სატელეფონო საუბარს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ.

გამოცემის თანახმად, პრეზიდენტებს შორის „ყრუთა დიალოგი“ შედგა. Le Monde-ის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ შესაძლოა, ნავალნიმ საწამლავი თავად მიიღო დაუდგენელი მიზეზით. გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა თქვა, რომ ნავალნი უბრალოდ, ინტერენტში არეულობის შემტანი პირია, რომელიც ადრე სხვადასხვა დაავადებას იგონებდა. მაკრონის მკაფიო პოზიცია იყო, რომ „ნოვიჩოკს“ კერძო პირი ვერ გამოიყენებდა.

ალექსეი ნავალნის შეფასებით, პუტინს აქვს “კარგი ვერსია“, რომელიც ყურადღებით შესასწავლია.

„სამზარეულოში მოვხარშე „ნოვიჩოკი“. თვითმფრინავში ჩუმად დავლიე. კომაში ჩავვარდი. მანამდე ცოლს, მეგობრებს და კოლეგებს მოველაპარაკე, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს, რომ სამკურნალოდ გერმანიაში წამიყვანონ, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ამის ნება. სიკვდილი ომსკის საავადმყოფოში, სადაც მიზეზად იმას დაადგენდნენ, რომ დიდხანს ცხოვრობდაო - ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო. მას ასე უბრალოდ ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელივით კომაში ვიყავი 18 დღე, მაგრამ ჩემი ვერ გავიტანე. პროვოკაცია არ გამოვიდა!“ - წერს ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე.

22 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთს მოუწოდა, ნათელი მოჰფინოს ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას. მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი არ მოითმენს ევროპაში, ან რუსეთში ქიმიური იარაღის არსებობას.

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება.

22 აგვისტოდან ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ იმყოფება. რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ კვლევის შედეგად განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. ეს დაადასტურეს საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც.

2018 წელს, დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ლონდონი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი დღემდე უარყოფს ისევე, როგორც ნავალნის მოწამვლასთან კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG