Accessibility links

DRI ხელისუფლებას მოუწოდებს, დაეხმაროს ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს


თამარ მეარაყიშვილი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართვის წერილი გაუგზავნა.

წერილში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ სამ წელზე მეტია, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია, მის წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო მას წლებია შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წერილში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება, სადამსჯელო მექანიზმად კი მისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიყენა.

„თამარ მეარაყიშვილი ამ ინციდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს. სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. იგი თამარ მეარაყიშვილს ქართული მედიისთვის ე.წ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და ასევე ბრალს სდებს „ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში“. სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას უკავშირებს დე ფაქტო პროკურორი თამარისთვის ელექტროენერგიის დავალიანების მისი შეფასებით, „უკანონო“ ჩამოწერას.

სამოქალაქო აქტივისტი არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ელოდება“, - ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიმართვაში, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს თამარ მეარაყიშვილს, არასაკმარისია.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში, როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დე ფაქტო ხელისუფლების მუქარისა და დაშინების პირისპირ მარტო აღმოჩენილი თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესაწყვეტად, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი და, ამასთანავე, ეს საკითხი დააყენონ სექტემბრის ბოლოს ჩანიშნული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, შემუშავებულ იქნეს სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები, შეიქმნას ე.წ. სარეზერვო ფონდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროებებისას ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება.

რამდენიმე წელია, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს დე ფაქტო ხელისუფლება მისი აქტიურობის გამო სდევნის. თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელებით ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას, ააშკარავებს კორუფციის ფაქტებს და სხვა არაერთ პრობლემაზე წერს. ამის გამო მის მიმართ რამდენიმე საქმეზე სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. ადგილობრივ სასამართლოში ჭიანურდება ამ საქმეების განხილვა. ერთ საქმეში, რომელიც ცილისწამების მუხლით არის აღძრული, მან გაიმარჯვა, მაგრამ ეს საქმე ისევ გამოძიებაში დააბრუნეს და ასე გრძელდება, უკვე ოთხი წელია.

ბოლო მუქარის და შეურაცხყოფის ფაქტებზე თამარ მეარაყიშვილს უკვე გამოეხმაურნენ სახალხო დამცველის ოფისიდან. იგი დე ფაქტო პრეზიდენტსაც მოუწოდებს, დაცული იყოს მისი უფლებები. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტი საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც სთხოვს, დაინტერესდნენ ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG