Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო მწვანე ზონად რჩება" - გახარიამ გაეროს გენ. ასამბლეას დისტანციურად მიმართა 


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიას სიტყვით დისტანციურად მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს. როგორც გახარია ამბობს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად. მისი თქმით, ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება, ისტორიულიც, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი აერთიანებს ყველას.

„ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან - მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები.

ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე.

სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ.COVID - 19-თან ბრძოლაში პროაქტიული გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პაუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4664-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG