Accessibility links

ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრი: მატარებელში არანაირი დისტანცია არ არის დაცული


ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლიდან, რადიო თავისუფლებას მგზავრი დაუკავშირდა. ბათუმელი ლია გოგიტიძე ამბობს, რომ მგზავრები ერთ ვაგონში, გვერდიგვერდ სხედან და მათ შორის არ არის დაცული დისტანცია. თუმცა, მისი თქმით, მატარებლის სხვა ყველა ვაგონი ცარიელია. მგზავრებმა კატეგორიულად მოითხოვეს სხვა ვაგონებში, ცარიელ ადგილებზე გადანაწილება, მაგრამ მატარებლის გამცილებლებმა უარი უთხრეს:

„გამცილებელს ვთხოვე, გადაგვანაწილეთ სხვადასხვა ვაგონში, რომ დისტანცია დავიცვათ-მეთქი. ამაზე უარი მითხრა და მიპასუხა რომ, თუ თქვენი ადგილი არ მოგწონთ, ბილეთი დააბრუნეთ და სხვა ვაგონში შეიძინეთო. მგზავრების 99% ზის პირველ ვაგონში, ერთმანეთის გვერდიგვერდ და პირისპირ. არანაირი დისტანცია არ არის დაცული. დანარჩენი ვაგონები ცარიელია. ასე უნდა ვიმგზავროთ 6 საათი. ნამდვილად არ ველოდი ამას, ახლა ვერც ბილეთს გადავცვლი და ვერფერს ვიღონებ. მოვდივართ ქალაქიდან სადაც ეპიდაფეთქებაა“ - ამბობს ლია გოგიტიძე.

რადიო თავისუფლება საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა. მათი განმარტებით, დადგენილი წესების თანახმად, სამგზავრო მატარებელში, არც მგზავრთა შორის დისტანციის დაცვა არაა სავალდებულო და არც, ე.წ. მგზავრთა ჭადრაკისებური განლაგება:

"სავალდებულოა მგზავრობისას ყველას ეკეთოს პირბადე, მატარებელში ასვლამდე უნდა ჩაიტარონ თერმოსკრინინგი, შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, მატარებელში დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარი, რითაც პერიოდულად უნდა დაიმუშავონ ხელები", - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე განმარტებით, წესები დადგენილია ზაფხულში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ეს წესები არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც აჭარაში საქალაქთაშორისო მგზავრობა ეპიდვითარების გამწვავების გამო აიკრძალა.

აჭარაში 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG