Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი მოითხოვს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებას დაუბრუნდნენ. გაეროს ინფორმაციით, დეესკალაციის მიზნით, გენერალურ მდივანს კონტაქტი აქვს სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან.

მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი „მინსკის ჯგუფის“ წევრებმაც - საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ-მა.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპულიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG