Accessibility links

ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტების გამოჯანმრთელების სტატუსს განმარტავს


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გაბუნიას განმარტებით, მსოფლიოში უკვე შეცვლილია რეკომენდაციები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის და ტესტირების პასუხი შესაძლოა, დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია, ან პრაქტიკულად არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების სქემა ასახული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში. თამარ გაბუნიას განმარტებით, პირი, რომელსაც ტესტირებიდან მეთორმეტე დღეს სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას განმეორებითი ტესტირების გარეშე.

რაც შეეხება კლინიკებში მყოფ სიმპტომურ პირებს, თამარ გაბუნიას თქმით, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა 13 დღეა, საიდანაც 10 დღე იგულისხმება სიმპტომების პერიოდად და 3 დღე უსიმპტომო პერიოდად: „ამასთან ერთად შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა, ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც უკვე მე-14-მე-15 დღიდან, თუ ბოლო სამი დღე სიმპტომებისგან თავისუფალია, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG