Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: სომხეთმა უნდა დატოვოს მთიანი ყარაბაღი


თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სიტყვებს, რომ სომხეთი უნდა "წავიდეს [აზერბაიჯანის] ოკუპირებული ტერიტორიებიდან". ერდოანი ამ განცხადებით გამოვიდა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, ანკარას ბრალი დასდო დაქირავებული მეომრების გადაბირებაში იმ მიზნით, რომ მათ შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს მიიღონ მონაწილეობა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ესკალაციაში. ვრცელდება ცნობები რამდენიმე ათეული დაღუპულის შესახებ ორივე მხრიდან, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

გაერო, აშშ, რუსეთი და ევროკავშირი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ შეტაკებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.

XS
SM
MD
LG