Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10 დღეში იწყება


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. 28 სექტემბერს, არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა, უარი თქვეს საქმის ნაფიც მსაჯულთათვის გადაცემაზე, შესაბამისად, 8 ოქტომბრიდან, საქმის არსებით განხილვას მცხეთის რაიონული სასამართლო დაიწყებს.

ბრალდებულების ადვოკატები თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ნაკლებია, უმჯობესია, საქმეზე განაჩენი მოსამართლემ გამოიტანოს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, პროცესის გარშემო, თვეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოებაში გარკვეული აზრი შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ ამ აზრმა ზემოქმედება მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე და ისინი არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს.

გარდა ამისა, საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ადვოკატები კი ამბობენ, რომ ისინი, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებას, ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მათ ამ უფლების დაკარგვა არ სურთ.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით სულ ხუთი პირია დაკავებული. მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და როგორც ისინი, ისე მათი ინტერესების დამცველები, ირწმუნებიან, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში, ამ დრომდე, არ მოიძებნება არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს.

ვასილ მამულაშვილის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, გამოძიება მხოლოდ ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყვება და ამბობს: „აბა ესენი თუ არა, სხვა ვინ“?

28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განმარტა, რომ ბრალდებულების მიმართ დევნის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ალბათობის მაღალი ხარისხით მიგვაჩნია, რომ იმ ბრალდებულებს, რომელთაც ბრალი წარდგენილი აქვთ 109-ე მუხლით, მათ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს და ეს ბრალდება არსებითი განხილვის შედეგად დადასტურდება. აღნიშნულის დამადასტურებელია მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და უამრავი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბრალდებულებს საკმარისი დრო ჰქონდათ, გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ და უკან ამოსულიყვნენ. ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხუთივე ბრალდებულმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში მონაწილეობა მიიღო. ის, რომ უშუალოდ მკვლელობის ვიდეოჩანაწერი არ არის საქმეში და კამერით არ მიმდინარეობდა გადაღება, იმას არ ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ აქვს და მათ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენიათ", - ასე გამოეხმაურა საქმის პროკურორი ადვოკატების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ დევს არცერთი დოკუმენტი, რომელიც ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებს.

საკუთარი ძმის უდანაშაულობაშია დარწმუნებული არჩილ გაგნიძის და, თინათინ გაგნიძე. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, არაფერი შეცვლილა მისი ძმის დაკავების დღიდან და საქმეში არ გაჩენილა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულზე მეტყველებს:

„ჩემი ძმა სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მოტივირებულია, რომ ეს სიმართლე დაამტკიცოს. რა თქმა უნდა, ოჯახიც ყველანაირად გვერდში ვუდგავართ და მზად ვართ, სიმართლის პოვნაში დავეხმაროთ“.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის მოახლოებასთან ერთად, ბრალდებულები გააქტიურდნენ და წერილების საშუალებით ცდილობენ საზოგადოებისათვის ხმის მიწვდენას.

ორი კვირის წინ, 15 სექტემბერს, წერილი მორაგბე არჩილ გაგნიძემ გაავრცელა. ის წერს, რომ საკუთარ უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს:

"მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების გა­ნად­გუ­რე­ბით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში.

კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ...

მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას“.

წერილი გაავრცელა რამდენიმე დღის წინ შაქარშვილის მკვლელობაში კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმაც. მისი წერილის ადრესატები 19 წლის ფეხბურთელის მშობლები არიან. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის შაქარაშვილის ოჯახს კითხვას უსვამს, სურთ თუ არა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ:

„...სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენ უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ. ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან“, - წერს ჩიქოვანი წერილში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს, მცხეთის ტრასაზე, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ამ შემთხვევას წინ უძღოდა დაბადების დღის წვეულება.

ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის ვერსიით, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.

ბრალდების განცხადებით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა, არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ვახტანგ ჩიქოვანდა, ზ.ხ. და ა.ქ-მ სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სულ 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG