Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოსთვის


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრის ფარგლებში განხილულ ერთ-ერთ საკითხს ​შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამის შესახებ მათ 29 სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი დაინტერესებულია თანამშრომლობის გაღრმავებით საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში, სადაც ბოლო წლებში რუსეთის წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ახლახან ჩვენ ვკონცენტრირდით შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე ნატოს საზღვაო სარდლობასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით. ეს გულისხმობს გარკვეულ დახმარებას სანაპირო დაცვის სამსახურისთვის და პორტებში ნატოს გემების ვიზიტებს. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, რომ შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის. ამიტომ მისასალმებელია ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ მიმართულებით ერთად შეგვიძლია.

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა დამატებითი ელემენტებით შეიძლება შევავსოთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს გულისხმობს ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას - როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ავიამიმოსვლის სარადარო მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის პროცესი. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის იმ რეგიონში, სადაც ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლობის არსებით ზრდას.

ჩვენ ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში. მაგალითად, საქართველოში ახლახან გაიმართა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება. ამრიგად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ერთობლივად უფრო მეტს ვაკეთებთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლიერი ვართ საქართველოს მტკიცე ერთგულებისთვის ავღანეთში ნატოს მისიის მიმართ“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „მნიშვნელოვანია პრაქტიკული მექანიზმის განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“ და შავი ზღვის უსაფრთხოება სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ჭრილში.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG