Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხეს პირი, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეზე ინფორმაციას რეესტრში ეძებდა


თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი.

პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, გამოძიებას აიტერესებდა რა მიზნით ამოწმებდა გიორგი ლუბარეცი რეესტრში „ვილა ალგეთის“ ტერიტორიის შესახებ ინფორმაციას. პროკურორის თქმით, ლუბარეცმა ეს მონაცემები ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ გადაამოწმა.

„ლოკაცია, რომელსაც ჟურნალისტები „ვილა ალგეთს“ უწოდებთ, პირს, რომელიც მოწმედ დავკითხეთ, გადამოწმებული ჰქონდა 2020 წლის 22 ივლისს, შესაბამისად დაისვა კითხვები, რატომ, რა მოტივაციით და რისთვის გადაამოწმა ხსენებული ლოკაცია“, - განმარტა ლაშა კოტრიკაძემ.

გიორგი ლუბარეცის ინტერესების დამცველის, ვანო ჩიტაშვილის თქმით, გამოძიება ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ლუბარეცმა მიაწოდა, რაც თავად პროგრამიტი უარყოფს.

ის ვარაუდობს, რომ ამომწურავი პასუხების შემდეგ გიორგი ლუბარეცის გამოკითხვის აუცილებლობა ამით ამოუწურა.

„კითხვები ასევე შეეხებოდა, მიაწოდა თუ არა „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს - ნოდარ მელაძეს ან ელისო კილაძეს. ამასთან დაკავშირებით მან ასევე დაადასტურა, რომ არც ჟურნალისტებთან და არც სხვა გარეშე პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა. პროკურორის კითხვებზე გიორგიმ ამომწურავი პასუხი გასცა, მას რომელიმე კითხვა პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია, შესაბამისად, არ მგონია, რომ მისი ხელახალი დაბარება გახდეს საჭირო. სავარაუდოდ, პროკურატურა ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთზე“ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა გიორგიმ და უნდოდათ ამის უარყოფა ან დადასტურება, რაც გიორგი ლუგარეცმა უარყო“ - აღნიშნა ვანო ჩიტაშვილმა.

გუშინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მოქალაქეს, რომელმაც საქმეში არსებული ერთ-ერთი ადგილი "საჯარო რეესტრში" მოძებნა, მობილური ჩამოართვა. გიორგი ლიუბარეცი საგამოძიებო უწყებაში 28 სექტემბერს მიიყვანეს. ინფორმაცია ამის თაობაზე თავად გიორგი ლუბარეცმა გაავრცელა ფეისბუკის გვერდზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ თავდაპირველად პროკურატურაში დაბარება საკუთარ პროფესიას, პროგრამისტობასა და ფეისბუკსტატუსებს დაუკავშირა, თუმცა იქ მისულმა გაარკვია, რომ გამოძიებას სხვა ინტერესი ჰქონდა.​

"ვიყავი მისული, მითხრეს, რომ რაღაც მქონდა „დასერჩილი“, საჯარო რეესტრში აღმოჩნდა ჩემი მონაცემები და ამის გამო უნდათ, რომ დაადგინონ რატომ ვეძებდი და ხო არ მიმიცია ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის. მითხრეს, რომ "ვილა ალგეთის" საკატასდრო კოდი მომიძებნია, რაც არ არის სწორი. უბრალოდ, ვკლიკავდი საკადასტრო რუკაზე, სულ ეს იყო", - ამბობს ლიუბარეცი.

"ვილა ალგეთი" ბაჩალიაშვილის საქმესთან შემხებლობაში ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ახსენა. მისი თქმით, წყარომ საკატასდრო კოდი გაუგზავნა და უთხრა, რომ "ამბავი სულ სხვა ადგილზე მოხდა". კილაძე ამბობდა, რომ ეს საკატასდრო კოდი იყო "ვილა ალგეთის".

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

XS
SM
MD
LG