Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ დაგმო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაზე „ძალადობისა“ და „ზეწოლის“ მცდელობა


მარნეული
მარნეული

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაგმო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაზე „ძალადობისა“ და „ზეწოლის“ მცდელობა, რომელიც, ცესკოს განცხადებით, 29 სექტემბერს გავრცელებული კადრებიდან ჩანს.

„სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი”, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, „ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს“.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ. დაპირისპირებული მხარეები საოლქო კომისიასთან ერთმანეთზე იწევდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიების თანამდებობებზე არჩევნები მათგან ფარულად, არაობიექტურად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ტარდება.

სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, ვინაიდან ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება.

ცესკომ დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით მოუწოდა შესაბამის უწყებებს, „მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით“, ჩაატარონ „დროული მოკვლევა აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირებისათვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG