Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომას ჰენდრიკ ილვესი - ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობაში „მოსმენის რეჟიმში“ ვიქნებოდი


ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის“ (TCEI) წევრი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ამ ეტაპზე არ ურჩევს საქართველოს რუსეთთან დიალოგის წამოწყებას. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის პერსპექტივაზე რადიო თავისუფლების შეკითხვას მან ასე უპასუხა:

„ვიცი, არაპოპულარული იქნება, მაგრამ ვიტყვი, რომ მოცემულ მომენტში, რუსეთის ქცევის გათვალისწინებით, „მოსმენის რეჟიმში“ ვიქნებოდი. ხედავთ, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ისინი განსაკუთრებით აგრესიულები არიან.

ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან მოყოლებული, ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ გააკეთონ თითქმის ყველაფერი, რაც სურთ და აკეთებენ კიდეც თითქმის ყველაფერს, რაც სურთ, მათ შორის აშშ-შიც და ყველაზე ვულგარულ სტილში.

ასე რომ, ვიტყოდი: მოუსმინეთ, რასაც [რუსები] ამბობენ და ნუ წახვალთ რაიმე დათმობაზე ამ ეტაპზე.

თუკი მომავალში გვეყოლება განსხვავებული ადმინისტრაცია აშშ-ში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და იმის გაგება - რას წარმოადგენს რუსეთი. თუკი არ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი აშშ-ში... ეს არავინ იცის... მაგრამ, ახლა არ არის დრო მოლაპარაკებებისა და დიალოგის დასაწყებად. დაიცადეთ მომავალ წლამდე და ნახეთ როგორ განვითარდება მოვლენები, როცა პუტინისთვის აღარ იქნება ასეთი ხელსაყრელი ვითარება“.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რამდენიმე რჩევას სთავაზობს:

„ნატოში ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რა თქმა უნდა, არის კურსის შენარჩუნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის აგრეთვე ლიბერალურ დემოკრატიად დარჩენა, რაც უპირველესად გულისხმობს: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას; კანონის უზენაესობას - არანაირი საგანგებო გარიგება არავისთვის; ადამიანის უფლებების პატივისცემას - ეს ნიშნავს ყველას უფლებების პატივისცემას და არა ცალკეული ჯგუფისა. ეს არის მინიმალური პირობები.

უფრო სპეციფიკურად შეიძლება მსჯელობა რეფორმებზე, რომლებიც განახორციელეთ - რამდენად ეფექტიანია ისინი. წლებია საქართველო ახორციელებს შესანიშნავ მცდელობებს კორუფციის შესამცირებლად. ყოველთვის ვამაყობ საქართველოს პოზიციით, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალების“ რეიტინგს ვუყურებ. უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. გარდა ამისა, შეინარჩუნეთ ღია და თავისუფალი ეკონომიკა. იმუშავეთ ყველა იმ საკითხზე, რომელზეც გელაპარაკებათ ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში“.

XS
SM
MD
LG