Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიჰუნ მუჰამედალი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეზე: ზნედაცემული ადამიანია


"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი ზნედაცემულს უწოდებს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტი თვითდაზიანებაში დაადანაშაულა.

"ადამიანი ყველაზე უნამუსო და ზნედაცემული უნდა იყოს, რომ მითხრას, რომ სცენებს ვდგამდი... ანუ მე გიჟი ვიყავი და ჩემს თავს... თავზე სისხლი მომდიოდა, ხელებზე და კისერზე დაზიანება, ყველაფერი მალე გამოაშკარავდება... უნამუსობის გარდა სხვა არაფერია. შემხვდება და ვნახავ, თვალებში როგორ შემომხედავს და მეტყვის ამას", - თქვა ჟურნალისტმა.

დღეს საკითხს გამოეხმაურა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე. მან ჟურნალისტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და ცემის ინსცენირებაში ადანაშაულებდა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის 29 სექტემბერს, მარნეულში, „ქართული ოცნების“ ოფისთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს თავის, ხელისა და მუცლის არეში. მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, კამერა დაუმტვრიეს „საზოგადოებრივი არხის“ ოპერატორს.

დაპირისპირება მარნეულის ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ოფისის ტერიტორიაზე, 29 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ოპოზიციის განცხადებით, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არ მიიწვიეს.

მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს დაშავდა ჯეიჰუნ მუჰამედალიც. ჟურნალისტი 30 სექტემბერს მარნეულის რაიონულ პოლიციაში გამოკითხეს. განყოფილებაში მან 4 საათი დაჰყო. გამოკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტმა თქვა, რომ მას განყოფილებაში აჩვენეს ვიდეო-კადრი,სადაც ჩანს ის კონკრეტული პირი, რომელმაც დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა. ჟურნალისტის თქმით, ეს პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და ასევე, 154-ე, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG