Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეძახდნენ "ქართულ ოცნებას" "უნიათოებს" - ბიძინა ივანიშვილის პასუხი


მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლების გადაბარების შემდეგ რევანშზე დაიწყო ფიქრი. ივანიშვილის თქმით, მათ შეიმუშავეს კონცეფცია, რომლითაც საკუთარი მმართველობა ეფექტიანად უნდა წარმოედგინათ, "ქართული ოცნებისა" კი არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად. ამის შესახებ მან პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 8-წლიანი პერიოდის შეჯამების დროს ისაუბრა.

"ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინში - "უნიათობა", რომელიც უნდა ქცეულიყო "ქართული ოცნების" მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო - რაკი ვერაფერი გაათეთრებდა "ნაციონალური მოძრაობის" წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო "ქართული ოცნება", - თქვა ივანიშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მარცხით იყო გაწბილებული და ბოროტად ისარგებლეს "ხელისუფლების უნებლიე შეცდომით" და ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება. ასე გამოეხმაურა ის 20 ივნისის ცნობილ მოვლენებს, დღეს, როცა რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.

"სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ, ჩაფლავებული "უნიათობის" პარალელურად, ტერმინი - "სისხლიანი რეჟიმი" - დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო, და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა. არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავაც ვერ შეძლეს", - თქვა მან.

მისი აზრით, ოპოზიციამ დაინახა, რომ "უნიათო ტირანია" ლოგიკურად არათავსებადი ცნებები იყო და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ.

"თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა, და არგუმენტი, საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია", - თქვა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG